27 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ოპოზიციის 61 დეპუტატიდან ამ დროისთვის მანდატზე უარს მხოლოდ 20 მათგანი ამბობს - რას აპირებენ დანარჩენი ბარიერგადალახული პარტიის წევრები

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან პირველია, რომელმაც პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მელია-გვარამიას გუნდის 19-მა წევრმა, საკანონმდებლო ორგანის კანცელარიას წერილი დღეს ჩააბარა. პარტიაში ამტკიცებენ, რომ პროცედურების დაცვით, სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების იმედი იმ პარლამენტისგან აქვთ, რომელსაც არალეგიტიმურად თავადვე აცხადებენ.

61 ოპოზიციური მანდატიდან განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე 41-ს ამ დრომდე არ დაუწერია. "ნაციონალურ მოძრაობაში," ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, პარლამენტისთვის მიმართვას არ ჩქარობენ. ამბობენ, რომ მანდატს დათმობენ, თუმცა თარიღზე საუბარი უჭირთ. სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას არც "ლელო" აპირებს. ყოფილი ბანკირის გუნდში ამტკიცებენ, რომ განცხადების ისეთ ფორმაზე მუშაობენ, რომელიც მათ არჩევნების შედეგის ირიბი აღიარების საფრთხისგან დააზღვევს.

კოლეგებისგან განსხვავებით, არც საპარლამენტო სიას ხსნის და არც მანდატების გაუქმებას ითხოვს გახარიას გუნდი. ექს-პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ მათ, პოლიტიკური თამაშის წესებს ძველი და ახალი "ნაციონალური მოძრაობა" ან "ლელო" ვერ უკარნახებს.

ოპოზიციაში რომ ერთსულოვნება არ არის, ეს მმართველ გუნდში არ უკვირთ. სახელისუფლებო პარტიაში 2020 წლის იდენტურ სცენარზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში მხოლოდ გარე ძალების დირექტივის შემდეგ შევა.

"ქართულ ოცნებაში" დღეს ისიც განმარტეს, რომ გვარამიას თანაპარტიელებისა და გიორგი ვაშაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადება, ლეგიტიმაციის პირდაპირი აღიარებაა, რაც ოპოზიციური ძალების ორმაგ სტანდარტზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ოპოზიციას, რომელიც არჩევნების შედეგს არ აღიარებს, საკანონმდებლო ორგანოში 61 წარმომადგენელი ჰყავს. ამ დრომდე, 41-მათგანი დეპუტატობაზე ოფიციალურად უარის თქმას არ ჩქარობს.

დღის ამბები