27 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს ერთადერთი კანდიდატი თავად წარადგინა

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას, მმართველმა პარტიამ მხარი ერთხმად დაუჭირა. პირველი საჯარო მილოცვა მიხეილ ყაველაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, ლიდერებთან ერთად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ გამოაცხადა. დაასახელა კანდიდატის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებიც.

ოფიციალური წარდგენის შემდეგ, ტრიბუნა მიხეილ ყაველაშვილმა დაიკავა და როგორც მომავალმა პრეზიდენტმა პირველი განცხადებაც გააკეთა.

"უპირველესად დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, "ქართული ოცნების" თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული".

დაპირისპირება თავადაც არაერთხელ მოსვლია პოლიტიკურ ოპონენტებთან. "კურიერის" არქივი მიხეილ ყაველაშვილის ბევრ ხმაურიან გამოსვლას ინახავს.

სამი მოწვევის პარლამენტის წევრის პოლიტიკური კარიერა 2016 წლიდან დაიწყო. მაშინ, როდესაც ის სხვა ახალ სახეებთან ერთად, საპარლამენტო სიის 27-ე წევრად დასახელდა. "ქართული ოცნების" გუნდის 5-წლიანი წევრი, 2022 წელს, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. იყო გამჭვირვალობის კანონის ერთ-ერთ ინიციატორი. განსაკუთრებით მწვავე იყო მისი გამოსვლები საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ოპონირებისას.

ხისტი რიტორიკისა და ოპოზიციასთან არაერთი დაპირისპირებების მიუხედავად, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს პირობა დადო, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება და პოლარიზებულ გარემოში გამაერთიანებლის როლის შესრულებას ეცდება.

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. ის მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და თავდაცვის ძალების მეთაურს. წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს. აქვს მსჯავრდებულების შეწყალების ექსკლუზიური უფლება.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამ კონსტიტუციურ ჩანაწერს გარანტირებულად დაიცავს. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ დღეს საპრეზიდენტო კანდიდატის შეფასებისას ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობაზეც მიუთითა.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, აქტიურ პოლიტიკამდე ჰქონდა აქტიური სპორტული კარიერა, რომელიც თბილისის "დინამოდან" დაიწყო და ისეთ საფეხბურთო კლუბებში გაგრძელდა, როგორიცაა "მანჩესტერ სიტი", "გრასჰოფერი", "ციურიხი" და "ლუცერნი". ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 5-გზის საქართველოს ჩემპიონია, აქედან 3-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი. ტიტულოვანი ფეხბურთელი შვეიცარიის სუპერლიგის ჩემპიონიც გახდა. აქვს შვეიცარიისა და უეფას სამწვრთნელო განათლების ლიცენზიები. არის ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის ავტორი და მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების დამფუძნებელი, საპატიო პრეზიდენტი. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" გატანილი მისი გოლი იყო.

დღის ამბები