მამუკა ხაზარაძეს ცესკოში წარმომადგენელი ისევ ეყოლება. "კურიერის" ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილს პარტია "ლელომ" რამდენიმე დღის წინ მიმართა და კომისიის წევრად ისევ გიორგი სიორიძე წარადგინა. კანონმდებლობით პროცედურა ასეთია - არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბარიერგადალახულ პარტიებს ენიჭებათ უფლებამოსილება, რომ ცესკოში საკუთარი წევრები წარადგინონ. მას შემდეგ, რაც მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა, ცესკოს ინფორმაციით, კომისიაში წევრი ორმა ბარიერგადალახულმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" და "ლელომ" წარადგინა.
გიორგი სიორიძემ დღეს "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მის პარტიაში კი გადაწყვეტილების გამართლება სცადეს. "ლელოში" ამტკიცებენ, რომ მათ საარჩევნო კომისიაში წევრი მხოლოდ იმიტომ დანიშნეს, რომ შემდეგ არჩევნებზე სიორიძემ მამუკა ხაზარაძისა და მისი თანაგუნდელების უფლებები დაიცვას.
"ლელოს" ამ გადაწყვეტილების შესახებ მამუკა ხაზარაძის თანამოაზრე კოლეგებმა "კურიერისგან" შეიტყვეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კომენტარზე უარი თქვა. ყოფილი პრემიერის პარტიისა და "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრების მტკიცებით კი, ცესკოში წარმომადგენელი თავად არ ეყოლებათ, რადგან არც არჩევნების შედეგებს აღიარებენ და არც პარლამენტის ლეგიტიმაციას ცნობენ.