კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ცესკოს მიმართა და მოითხოვა, რომ გიორგი სიორიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად ხელახლა დაინიშნოს.
ოპოზიციური პარტიის განცხადება გიორგი კალანდარიშვილმა უკვე დააკმაყოფილა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ რეალურად ისინი აღიარებენ იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეს.
"რთულ და მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. სიორიძის უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე არის ცესკოში განცხადება შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთის მხრივ, რადიკალური ოპოზიცია ვითომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, სინამდვილეში კი, იმ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს ეს არჩევნები, მიმართავს განცხადებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარება ხდება ამ ორგანოების უფლებამოსილებების. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა თუ რა ტყუილთან გვაქვს საქმე, როდესაც ოპოზიცია აცხადებს არჩევნების ე.წ. გაყალბებას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.