23 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ომის დანაშაული - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ისრაელის პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ომის დანაშაული - ამ ბრალდებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუს, და გალანტის დაპატიმრების ორდერები გასცა.

კარიმ ხანმა ღაზაში მიმდინარე ომის საქმეზე, სასამართლოს ისრაელის ორი ხელმძღვანელი პირისა და ""ჰამასის"" ლიდერების დაპატიმრების მოთხოვნით, ხუთი თვის წინ მიმართა. განხილვის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი ღაზაში მოსახლეობას განადგურების
მიზნით, მიზანმიმართულად აშიმშილებდა.

ომის წარმოების მეთოდად, შიმშილის გამოყენების გარდა, ჰააგის სასამართლომ დაპატიმრებების ორდერების გაცემის პირობად, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დასჯა და ჰუმანიტარულ ზონებზე მუდმივი თავდასხმა დაასახელა. გადაწყვეტილებას, პირველი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი გამოეხმაურა. ბორელი ნეთანიაჰუს და გალანტს მართლმსაჯულების აღსრულებას დაჰპირდა.

ბორელის პოზიციას არ იზიარებს ისრაელის სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები. ისრაელის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი წერილი, ჯო ბაიდენმა გამოაქვეყნა. ამერიკის პრეზიდენტმა სისხლის სამართლის გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელი უწოდა.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, ისრაელის პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა. საერთაშორისო მედია წერს, რომ პრემიერს და თავდაცვის შეფს ის ოპოზიციონერები გამოექომაგნენ, რომლებიც ამ დრომდე მათი კრიტიკით გამოირჩეოდნენ. ნეთანიაჰუს კანცელარიამ დაკავების ორდერების გაცემას ამაზრზენი და სამარცხვინო უწოდა, განცხადებაში ისიც წერია, რომ არ არსებობს, უფრო სამართლიანი ომი ვიდრე ის, რომელსაც ისრაელი ღაზაში აწარმოებს.

კონფლიქტი, რომელიც შესაძლოა ისრაელის პრემიერის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის და "ჰამასის" ერთ-ერთი - სავარაუდოდ, უკვე ლიკვიდირებული ლიდერის მოჰამედ დეიფის დაპატიმრების საფუძველი გახდეს, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ტერორისტული თავდასხმით დაიწყო. ""ჰამასის"" ტერორისტებმა 1139 ისრაელელი მოკლეს 200 კი ტყვედ აიყვანეს, მათი ნაწილი სავარაუდოდ დღესაც ტერორისტების მძევალია. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელსაც 44 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები