23 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა - რა პროცედურები ახლავს პირველი სხდომის გახსნას და სად იქნება 25 ნოემბერს ბარიერგადალახული ოპოზიცია

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მოსამზადებლად, ბოლო დეტალები ზუსტდება. დღის წესრიგიც გაწერილია და ახალი შემადგენლობა საპარლამენტო საქმიანობის დასაწყებადაც მზადაა. პრეზიდენტმა სხდომის დანიშვნაზე უარი თქვა, ამოქმედდა კონსტიტუციის 38-ე მუხლი, ასევე რეგლამენტით პრეზიდენტის უარი ვერც სხდომის გახსნას დააბრკოლებს. სალომე ზურაბიშვილის არ ყოფნის პირობებში, სხდომის გახსნის უფლება პარლამენტის უხუცეს წევრზე გადავიდა. ვიდრე პარლამენტი თავმჯდომარეს არჩევს, სხდომას ლადო კახაძე გაუძღვება.

ახლად არჩეულ დეპუტატებს, დროებითი მანდატები უკვე გადაეცათ. სწორედ ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე მოხდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. ვიდრე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ცნობს პროცესში ჩართული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისია. რეგლამენტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგებს გააცნობს და სამანდატო კომისიას დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცს მათ სწორედ ცესკოს თავმჯდომარე დაადებინებს.

წინააღმდეგობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა იმ დეპუტატების უფლებამოსილებასაც ცნობს, ვინც ამ დრომდე უარს ამბობს საპარლამენტო მანდატის მიღებაზე. ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, თუმცა შენობის გარეთ მივა. პარტიების ნაწილის გეგმაა, რომ პირველი სხდომის მიმდინარეობა აქციით გააპროტესტონ. გიორგი გახარიას გუნდი საკუთარ მხარდამჭერებს 25-ში, რუსთაველის 8 ნომერთან ეპატიჟება.

პროტესტი რომ აუცილებელია დანარჩენ პარტიებშიც თანხმდებიან, თუმცა საბოლოოდ პოზიციები - სად და რა ფორმით შეიკრიბონ - ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ოპოზიციას მმართველი პარტია შეახსენებს, რომ გამოხატვის თავისუფლება კანონის ჩარჩოს არ უნდა გასცდეს. მმართველი გუნდის თქმით, პროტესტის ფონზე თუ მის გარეშე, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მაინც გაიმართება

25 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში შეკრება დილის 11 საათიდან დაიწყება. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. “ქართულმა ოცნებამ“ ამ მოწვევის პარლამენტშიც შეინარჩუნა საპარლამენტო უმრავლესობა და 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი - “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შეძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.

დღის ამბები