21 ნოემბერი 2024,   16:08
ვრცლად
ომის 999-ე დღე მთელი უკრაინისთვის კრიტიკული აღმოჩნდა - ბალისტიკური რაკეტებით შეტევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ომის 999-ე დღე მთელი უკრაინისთვის კრიტიკული აღმოჩნდა, თავდასხმა თითქმის ყველა ოლქზე და ათობით დაღუპული ადამიანი. ოდესაში ბალისტიკური რაკეტებით შეტევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 43 დაჭრილიდან 4 ბავშვია. 3-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მძიმე დილა გათენდა სუმის ოლქში, სადაც ოკუპანტების იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 2 ბავშვია.

რუსეთის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 89 მოქალაქე დაშავდა. კრემლმა მიზანში ამოიღო ხერსონიც, სადაც რუსეთის თავდასხმას 3 ადამიანი შეეწირა, 9 კი დაიჭრა. 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა დნეპროპეტროვსკის ოლქში. იქ რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატით მანქანას დაარტყეს. უკრაინაზე დღეს განხორციელებული მასშტაბური თავდასხმები უკვე შეფასდა, როგორც ვლადიმერ პუტინის პასუხი ჯო ბაიდენს, რომელმაც უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვა მოუხსნა.

"როიტერმა" წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ოფიციალური კიევი გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებას მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამ ტიპის იარაღს დარტყმების განხორციელება 300 კილომეტრის რადიუსზე შეუძლია. არ დააყოვნა კრემლის ოფიციალურმა პასუხმა. დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მკვეთრი ესკალაციის საფრთხეს წარმოშობს.

უკრაინას დიდი რადიუსის მქონე რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მედიის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომაც მისცა. საფრანგეთი ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან ნებართვის გაცემა ჯერ კიდევ ვარიანტად რჩება. ბაიდენის გადაწყვეტილება მოეწონათ პოლონეთშიც. წინააღმდეგი აღმოჩნდა უნგრეთი, სადაც ფიქრობენ, რომ ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ ახალი რეალობა შექმნა , რომელშიც ხალხი მშვიდობას ითხოვს.

ევროპელი ლიდერების ნაწილისგან განსხვავებული პოზიცია აქვს შტატების ახალი პრეზიდენტის შვილს. ტრამპ ჯუნიორი ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს არის მე-3 მსოფლიო ომის დაწყების მცდელობა, ვიდრე უფროსი ტრამპი იანვარში თანამდებობას დაიკავებს.

მშვიდობის დამყარების სურვილზე ბევრს ლაპარაკობს თავად უკრაინის პრეზიდენტიც. თუმცა, მიიჩნევს, რომ რუსეთთან საუბრით ვერაფერს მიაღწევს. ვოლოდიმირ ზელენსკი არც იმას მალავს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილების სათანადოდ გამოყენებას გეგმავს. სანამ ზელენსკი მოსკოვს რაკეტებით ემუქრება, კრემლი კი უკრაინაზე ყოველდღიურ თავდასხმებს ახორციელებს, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა დაასრულა, რომლის წარდგენასაც, მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ოცეულის სამიტზე გეგმავს.

დღის ამბები