21 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"შევიკრიბებით 25 ნოემბერს, ორშაბათს, და ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას - ეს რომ არ გავაკეთოთ, კონსტიტუციას დავარღვევთ" - ანრი ოხანაშვილი

უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს, 25 ნოემბერს, კონსტიტუციის შესაბამისად შეიკრიბება და მის უფლებამოსილებას ცნობენ.

როგორც ოხანაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ საქართველოს პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-10 დღეს უნდა შეიკრიბოს. შესაბამისად, ისინი ქვეყნის უზენაესი სამართლის მიხედვით იმოქმედებენ.

"დაანონსებული გვაქვს, რომ შევიკრიბებით 25 ნოემბერს, ორშაბათს, და ვცნობთ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილებას. ამით, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნების რეალიზებას, რაც გამოიხატა მათ მიერ არჩევნების მონაწილეობაში, მათ მიერ ხმის მიცემაში და ეს უნდა რეალიზდეს საპარლამენტო ცხოვრების დაწყებაში.

იურიდიული კუთხით, ხანდახან არის საკითხები, რომელზეც შეიძლება მსჯელობა, ეს იმდენად მარტივი საკითხია, ძალიან უნდა მოინდომო, რომ ერთგვარი ინტერპრეტაცია მისცე ამ საკითხს, ვინაიდან, მკაფიოდ წერია საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლში, რომ საქართველოს პარლამენტი იკრიბება შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან არაუგვიანეს მე-10 დღეს, ამას არ სჭირდება დიდი იურისტობა. ჩვენ ამ კონსტიტუციის დანაწესს დავიცავთ. ჩვენ რომ ეს არ გავაკეთოთ, დავარღვევთ კონსტიტუციას და ხალხმა მანდატი ჩვენ ამისთვის არ მოგვცა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები