პროკურატურაში, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ურჩევნიათ სისულელეები ამტკიცონ და ხალხი მოატყუონ, ვიდრე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ, რადგან გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემას სხვა პასუხისმგებლობა სჭირდება.
"რომ მივიდნენ [პროკურატურაში] უნდა ჰქონდეთ რაღაც კონკრეტული, რაც მათ არ გააჩნიათ. იმდღეს დავსვი კითხვა და ვერსიაც კი არ გააჩნიათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მათ უნდა გასცენ კითხვაზე პასუხი, მაგალითად, 2 მილიონზე მეტი ადამიანი მართლა მივიდა თუ მოგვეჩვენა, რიგები მართლა იყო თუ მოგვეჩვენა, თუ არ მოგვეჩვენა და მართლა მაღალი აქტივობა იყო, რა მოხდა?
ოთხიანები, ხუთიანები, ცხრიანები და ოცდახუთიანები ორმოცდაერთით შეიცვალა აპარატში?! როგორც მათი აქტივისტები ლაპარაკობენ, ეშმაკი იჯდა იქ?! ან ეს სისულელე უნდა ამტკიცონ, ან უნდა თქვან, რომ ის რიგები მოგვეჩვენა ყველას.
რომელიღაც სისულელე უნდა ამტკიცონ და ამის მტკიცებას ურჩევნიათ რომ არ ამტკიცონ. პასუხისმგებლობა სხვა არის, როცა საგამოძიებო ორგანოში მდიხარ და ოფიციალურად ჩვენებას აძლევ, იმ ჩვენებას სხვა პასუხისმგებლობა უნდა და ასე ხალხის მოტყუებას, მათი აზრით, პასუხისმგებლობა არ მოჰყვება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.