"ქართული ოცნებისთვის" ბარიერგადალახული 4 პარტიის მიერ მომზადებული წერილი და, ოპოზიციის სახელით, მისი ბრიუსელში გაგზავნა - თვითმხილებაა. სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ დოკუმენტის შინაარსი მათი ოპონენტების მხრიდან ქვეყნის ინტერესების ღალატს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ჯაშუშობას უტოლდება. საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა - ეს ოპოზიციის მიერ შედგენილ წერილში მთავარი მოთხოვნებია.
პირადი ინტერესით ქვეყნის ინტერესის დაზიანების ბრალდებას არ იზიარებენ ოპოზიციაში და არ მალავენ, რომ საერთო წერილის გაგზავნის მიზანი ხელისუფლებაზე წნეხის გაძლიერებაა. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ მათი სურვილია, საქართველოში არსებულ ვითარებაზე პარტნიორები ინფორმაციას ოპოზიციისგან იღებდნენ.
ბრიუსელში ოპოზიციის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს საზოგადოება "ქართულის" წევრებმა. ავტორები მიიჩნევენ, რომ ე. წ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისათვის" ძალაუფლების წყარო და ლეგიტიმაციის მიმცემი არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოეთია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით კი, ოპოზიციის ქმედებები, ღალატთან ერთად, მავნებლურია.
კოალიციამ "ცვლილებებისთვის“, "ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ", "ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "საქართველოსთვის", 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით გასულ კვირას მიმართეს.