დედაქალაქის ცენტრში მოწყობილი საპროტესტო აქციების უკან, სახელისუფლებო პარტია არასამთავრობოების ფინანსებს ხედავს. კარვების, ბარიკადებისა და უნივერსიტეტის ბლოკირების მცდელობის დაფინანსება, "ქართული ოცნების" მტკიცებით, ენჯეოების გავლით, ე.წ. შავი ფულით ხორციელდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სამოქალაქო სექტორი გამჭვირვალობის კანონს სწორედ მსგავსი ქმედებების შესანიღბად ეწინააღმდეგებოდა.
რა სახის ფინანსურ კონტრიბუციას დებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში სამოქალაქო სექტორი - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ ისურვეს. NGO-ების ნაცვლად, ხელისუფლების ბრალდებებზე საუბარი "ნაციონალურ მოძრაობაში" მოუწიათ. ქუჩის აქციების ავანგარდში მყოფ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ლოჯისტიკის, კვებისა და ტექნიკური მხარდაჭერის დაფინანსება, ნაწილობრივ, მოქალაქეებმა უზრუნველყვეს, გარკვეული ნაწილი კი, პარტიამ საკუთარი სახსრებით დაფარა.
არასამთავრობოების პოზიცია "ლელოშიც" დაიცვეს. ყოფილი ბანკირების გუნდში ამბობენ, რომ აქციების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა, ამის მიუხედავად, ამტკიცებენ, რომ საპროტესტო ხარჯების დონაცია მხოლოდ მოქალაქეებისა და პარტიების მწირი შემოსავლით ხდება.
ოპოზიციას და NGO-ებს ერთ პოლიტიკურ სიბრტყეში ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა. სახელისუფლებო ძალისთვის, არასამთავრობოების დუმილი ადასტურებს, რომ ოპოზიციურ სპექტრში კვლავ უცხოელი ლობისტების ე.წ. შავი ფული ტრიალებს. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ სცენარი, გმირები და მიზანი უცვლელია - დესტაბილიზაციის მცდელობა, რომელიც, ყოველ ჯერზე, მარცხისთვის არის განწირული.
ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები 16 ნოემბერს გამოაცხადა. ოპოზიცია რეზულტატს არ აღიარებს და, ახალი არჩევნების მოთხოვნით, აქციებს მართავს.