უწყვეტი პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს, ზურა გირჩი ჯაფარიძემ გააცნო. ის პირველი ოპოზიციონერი ლიდერია, რომელმაც მხარდამჭერები სახლში საკუთარი ნებით და კონკრეტული გეგმის გარეშე გაუშვა. შესვენება, დილის 8 საათისთვის გამოაცხადა და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ პროტესტისა და წინააღმდეგობის ამ ფორმამ უკვე აზრი დაკარგა.
სამდღიანი პროტესტის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმაც. პოლიტიკოსებმა, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ, მხარდამჭერებს მეტი წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდნენ, დღეს თქვეს, რომ ძალების აღდგენა და ახალი სამოქმედო გეგმა სჭირდებათ.
დემონსტრანტებთან ერთად ტერიტორია დატოვეს სამართალდამცველებმაც. მელიქიშვილის გამზირსა და ჭავჭავაძის ქუჩაზე კი საავტომობილო მიმოსვლა აღდგა.
აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილზე გადაინაცვლეს. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოქმედებაზე გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ გადავიდნენ და დემონსტრანტებს ტერიტორია, ე.წ. მოძრავი, ცოცხალი ჯაჭვის საშუალებით დაატოვებინეს.
სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე, დღეს, 5:40 საათზე გამოჩნდნენ. მუნიციპალური ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დემონსტრანტებს გზის სავალი ნაწილის გასახსნელად 15-წუთიანი ვადა მისცეს. გაფრთხილების დროს მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებისგან დროის გახანგრძლივებას ითხოვდა. აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციის პარალელურად, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ოპოზიციის მხრიდან აქციის დაშლის გადაწყვეტილება, მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტებს არც საკუთარი ამომრჩევლის და არც უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა აღარ აქვთ, ამის გამო კი პროტესტის ორგანიზებას ვეღარ ახერხებენ.
სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, უწყვეტი პროტესტის პირველ ლოკაციად, ოპოზიციამ 3 დღის წინ დაასახელა.