21 ნოემბერი 2024,   10:05
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელს ნომერი მიანიჭა - სამ დღეში გაირკვევა, მიიღებს თუ არა წარმოებაში და დაიწყება თუ არა კონსტიტუციური დავა

საკონსტიტუციო სასამართლომ, პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა. სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო პლენუმი განიხილავს. კონსტიტუციონალისტების ნაწილის და ოპოზიციის მტკიცებით იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის განხილვა დაიწყო, პარლამენტს შეკრების უფლება ექნება, თუმცა სამანდატო კომისია დეპუტატების უფლებამოსილებას ვერ ცნობს.

"ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნორმას, რომლის მიხედვითაც ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ უნდა გაიმართოს. მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი უსაფუძვლო და აბსურდულია.

მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველად 25 ნოემბერს შეიკრიბება. უკვე ცნობილია, რომ სხდომაში მონაწილეობას გამარჯვებული პარტიის ოთხმოცდაცხრავე დეპუტატი მიიღებს, მათი ოპონენტები კი დარბაზში შესვლას არ გეგმავენ. ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და საკუთარი მანდატების გაუქმებას აპირებენ.

კოლეგების მსგავსი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებას არ აპირებენ გახარიას პარტიაში. განმარტავენ, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, თუმცა მანდატების გაუქმებისა და სიების ჩახსნის თაობაზე განცხადებების დაწერას არ გეგმავენ.

სახელისუფლებო გუნდის წევრებმა ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ, დღევანდელი მოცემულობით, მათ სიების ე.წ. ჩახსნა არ შეუძლიათ. რეგლამენტის მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები, იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც მათ უფლებამოსილებას ახლად არჩეული პარლამენტი ცნობს და ამის შემდეგ, იმავე მოთხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. თუმცა მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ცესკოს წინასწარ, საკუთარი ამომრჩევლებისთვის თვალის ასახვევად მიმართეს, პარლამენტის პირველი სხდომისა და უფლებამოსილების ცნობის შემდეგ კი სადეპუტატო მანდატების გაუქმებას გადაიფიქრებენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში, "ქართულ ოცნებას" 150-დან 89 მანდატი ერგო, 4 ოპოზიციურ პლატფორმას კი, საერთო ჯამში, 61.

 

დღის ამბები