21 ნოემბერი 2024,   10:05
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერების კულუარული საუბრები უკვე ცნობილია - რატომ ფიქრობს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რომ ევროკავშირს, "ქართული ოცნების" გარდა, არჩევანი არ აქვს

ევროკავშირის ლიდერების კულუარული საუბრები უკვე ცნობილია - რიკარდ იოზვიაკმა, ჟურნალისტმა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს ბრიუსელში პოლიტიკურ განწყობებს და რომლის ინფორმაციაც, უმეტეს შემთხვევაში, მართლდება, ამჯერად, ვრცელ სტატიაში დაწერა, რომ ევროკავშირს "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მოუწევს, რადგან საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მმართველი გუნდი ერთადერთი მოთამაშეა. ჟურნალისტი ამ ინფორმაციას ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიის მიხედვით, ასევე, ირკვევა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ოფიციალური პირისთვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ისიც, რომ არჩევნების გაყალბების უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს.

სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ის, რაზეც რიკარდ იოზვიაკი საუბრობს, ირიბი გზავნილებია ბრიუსელიდან. მმართველ გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ ეს ინფორმაცია მალე ოფიციალურადაც გახდება ცნობილი. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, სტატიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ უარგუმენტოა და ოპოზიციას მტკიცებულებები არ აქვს. ეს კი, მმართველი ძალის განმარტებით, უკვე ევროკავშირშიც იციან.

რიკარდ იოზვიაკის მოსაზრებას დაუსაბუთებელს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბრიუსელის მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ სტატია ადასტურებს იმ განწყობას, რომელიც ევროკავშირში საქართველოში მიმდინარე პროცესების რაციონალური და რეალური შეფასების შემდეგ გაჩნდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, არაერთმა დამკვირვებელმა დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩაიარა, შესაბამისად, ბრიუსელს სხვა ალტერნატივა, გარდა "ქართული ოცნების" გამარჯვების აღიარებისა, არ აქვს.

რიკარდ იოზვიაკმა სტატია საქართველოს შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამოაქვეყნა. ამ სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო და 26 ოქტომბრის არჩევნები იყო.

 

დღის ამბები