23 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
"რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, საკითხზე განმარტებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი განხილვის საგანი" - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, სასამართლოში ორი სარჩელია შესული, მათგან ერთი პრეზიდენტის, ხოლო მეორე პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით.

მისივე თქმით, ერთი სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია, მეორეს კი ამ დროისთვის საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს და დღის ბოლომდე დაადგენს, ხომ არ არის რაიმე ხარვეზი. ამავე განმარტების თანახმად, არ არის მიზანშეწონილი სარჩელების ცალ-ცალკე განხილვა, რადგან დროშიც თითქმის ერთდროულად შევიდა სასამართლოში და შინაარსობრივადაც ერთმანეთს ემთხვევა.

"შემოსული არის ორი სარჩელი, ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა 1/5-ის ავტორობით. ერთი სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე კანონით განსაზღვრულ ვადებში. რაც შეეხება მეორე სარჩელს, იყო ფოსტით გამოგზავნილი, შემოვიდა გუშინ, საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს მის ტექნიკურ მხარეს და ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში დაადგენს რაიმე ხარვეზები ხომ არ აქვს სარჩელს და ამის შემდგომ, ამ სარჩელსაც დაარეგისტრირებს.

ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და შესაბამისად ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც გადავხედე, შინაარსობრივად ისინი, არა მთლიანად, მაგრამ თითქმის ერთმანეთს ემთხვევა, აქედან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა.

რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, ეს საკითხი ჩვენთან არ არის დაყენებული, ამ საკითხზე განმარტებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი განხილვის საგანი", - განაცხადა მერაბ ტურავამ.

დღის ამბები