21 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
წერილი ბრიუსელს, რომელიც საქართველოში არ გაასაჯაროვეს - ოპოზიცია ევროპელ მინისტრებს ფარული წერილით, მკვეთრი სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

"ღალატის მანიფესტი, რომელიც საქართველოს გასაბჭოების დროს იმდროინდელი ეთნიკურად ქართველი კომუნისტების ქმედებას ჰგავს" - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, ოთხი ბარიერგადალახული პარტიის მიერ ევროკავშირში გაგზავნილ წერილს. საუბარია ფარულ გზავნილზე, რომელშიც ოპოზიცია ევროპელ მინისტრებს მკვეთრი სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა, დღეს, კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ოპოზიციის მიზანი - ევროინტეგრაციის შეფერხება და დესტაბილიზაციური პროცესების სტიმულირებაა, რაც მარცხისთვის არის განწირული.

ოპოზიციის წერილი, ბრიუსელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტისგან შედგება. "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი", "ლელო" და გახარიას გუნდი, ევროპელ პარტნიორებს - ქვეყნისთვის გამოყოფილი 120-მილიონიანი ტრანშის გაყინვას და ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით მკაფიო განცხადებებს სთხოვენ. ასევე, მოუწოდებენ ლიდერებს 26 ოქტომბერს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი არალეგიტიმურად ცნონ.

მკაფიო განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესები შეჩერებულია მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო.

მოქმედ მთავრობასთან ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერება, მათ შორის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, იქამდე ვიდრე ისინი პროცესის საერთაშორისო გამოძიებას არ დათანხმდებიან.

იმას, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვეს, ოპოზიციაში არ უარყოფენ. ბარიერგადალახულ პოლიტიკურ ძალებში ამბობენ, რომ ეს მათი პოლიტიკური მიზნის მიღწევის უალტერნატივო გზაა. ხელისუფლების ოპონენტები, არც ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვას გამორიცხავენ.

წერილს ბრიუსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეც გაჰყვა. თინა ბოკუჩავა ახალა ევროკავშირში ქართული ოპოზიციის საერთო ხმას წარმოადგენს. პოლიტიკოსის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებს მკაცრი ზომების გატარება, ოპოზიციამ საერთო ძალებით მოითხოვოს.

საპარლამენტო უმრავლესობაში
ოპონენტების მორიგ ლუსტრაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი ქმედებები საქართველოს დაზიანების განწირული მცდელობაა - რასაც მმართველ გუნდის თქმით, ოპოზიციის ამომრჩეველიც ხედავს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნების საბოლოო შედეგები 16 ნოემბერს გამოაცხადა. ოპოზიცია ახალი არჩევნების ჩასატარებლად, ევროკავშირისგან ქვეყანაზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს.

დღის ამბები