21 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, დონეცკის ოლქში კიდევ 2 დასახლებული პუნქტი დაიკავეს - ომის 995-ე დღე უკრაინაში

ომის 995-ე დღე უკრაინისთვის მძიმედ გათენდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, დონეცკის ოლქში კიდევ 2 დასახლებული პუნქტი - ქალაქ კურახოვოსთან მდებარე სოფელი ილინკა და დალნი დაიკავეს. ბოლო ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ასევე წინ წაიწიეს ნოვოდონეცკის მახლობლად და ტრუდოვოიში. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ მათი სამხედროები სოფელ რივნოპილშიც შევიდნენ.

ფრონტზე არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე საუბრობს უკრაინის გენერალური შტაბიც. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 151 შეტაკება მოხდა.

რუსმა სამხედროებმა შეუტიეს კუპიანსკსაც, სადაც ღამით უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევა არაერთხელ სცადეს. თუმცა, უკრაინის გენერალური შტაბის მტკიცებით, ამ ეტაპზე ყველა შეტევა მოგერიებულია.

ხარკოვის ოლქში კუპიანსკი ერთადერთი ქალაქი არ იყო, რომელიც ბოლო 24 საათში რუსეთმა მიზანში ამოიღო. დილით საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიც დაბომბა. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებშიც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ დღეს რუსებმა 59 დრონი გაუშვეს, თავდაცვითმა სისტემებმა 21-ის ჩამოგდება მოახერხა. ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკი დახმარებას ისევ პარტნიორებს სთხოვს.

სწორედ გამარჯვების გეგმაა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის უკრაინაში ომის დასრულების
იმედი. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან ბრძოლის დასრულების დაპირება ამერიკის 47-ე პრეზიდენტისგანაც მიიღო. "ფოქს ნიუსის" ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა პირობის შესრულებაზე მუშაობა უკვე დაიწყო და ის უახლოეს მომავალში უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.

დღის ამბები