03 დეკემბერი 2024,   22:08
ვრცლად
13 საათიანი სასამართლო და 11 უარი გაერთიანებული სარჩელის ავტორებს - საქალაქო სასამართლომ, "საიას", "ნაციონალური მოძრაობისა" და ხაზარაძის კოალიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ერთობლივი სარჩელი, რომლითაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაცია საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვდა, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია. გადაწყვეტილება მოსამართლე ივერი აბაშიძემ, 13 საათიანი განხილვის შემდეგ გამოაცხადა. სხდომის მიმდინარეობისას, მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო, თუმცა სასამართლოსთვის მათი არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა.

მოსამართლე ივერი აბაშიძემ, საიას, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძლიერი საქართველოს" 11 შუამდგომლობიდან, არც ერთი არ დააკმაყოფილა. მათ შორის ერთ-ერთი კომპანია, "სმარტმატიკთან" გაფორმებული მარკირების ხელშეკრულების გასაჯაროებას ეხებოდა. დოკუმენტი, რომელსაც მოსარჩელე მხარე ითხოვდა, საკუთარი მტკიცებულების სახით წარმოადგინა ცესკომ.

ოპოზიციის მტკიცებულებებს შორის იყო, საარჩევნო უბანზე გადაღებული, 50 წუთიანი ვიდეომასალა, სადაც საარჩევნო ყუთი და ბიულეტენების მოთავსების პროცესი იყო ასახული. მოსარჩელე მხარე ამით ამტკიცებდა, რომ უბნებზე ამომრჩევლის ნების კონტროლი ხდებოდა. ვიდეოს წარმომავლობით, დაინტერესდა ცესკო.

ერთდღიანი განხილვის დასრულების შემდეგ, მხარეებმა მოსამართლის გადაწყვეტილება დარბაზს გარეთაც შეაფასეს.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი სარჩელი უსაფუძვლო და აბსურდულია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს მარცხის აღიარება არ სურთ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობენ.

საქალაქო სასამართლოს შემდეგ, საქმის განხილვა მეორე ინსტანციაში გაგრძელდება. ერთობლივი სარჩელის ავტორებმა, მოსამართლე ივერი აბაშიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრეს.

 

დღის ამბები