რა შეაჩერა შეერთებულმა შტატებმა და რას ნიშნავს ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში - გადაწყვეტილება რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ წასვლამდე თვე ნახევრით ადრე მიიღო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების რესტარტი იქნება. თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, კობახიძე დარწმუნებულია, რომ ურთიერთობა სრულიად ახალ საფეხურზე გადაინაცვლებს. მანამდე კი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, მთავრობის მეთაურისთვის დროებითი მოვლენაა, რომელიც ქვეყანაში საპროტესტო მუხტის მომატებას ემსახურებოდა. დღეს, ირაკლი კობახიძემ 15 წლის წინ გაფორმებული დოკუმენტის შესახებ დეტალურად ისაუბრა - თქვა, რომ დოკუმენტის რეალობაში განხორციელებით ამ ეტაპამდე მხოლოდ საქართველო იყო დაინტერესებული.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი. ხაზარაძისა და გახარიას გუნდებში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხითაც პრობლემებს შექმნის.
საჩუქარი ქართველი ხალხისთვის - ასე აფასებს სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებას კიდევ ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალის ერთ-ერთი ლიდერი. გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ქუჩის პროცესები მალე ხელისუფლებას შეცვლის და პარტნიორობის აქტი კვლავ ძალაში შევა.
ოპონენტების პოზიციას სპეკულაციას უწოდებენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ტექნიკური ხასიათი აქვს. სახელისუფლებო პარტიაში იმასაც განმარტავენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობასა და ფრენებს მოიცავს, რაც ჩინეთმა საქართველოს დოკუმენტის გაფორმებისთანავე მისცა. "ოცნებაში" ამბობენ, რომ იმავეს მოლოდინი აქვთ შტატების ახალი ადმინისტრაციისგან, რომელიც მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან დაიწყებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება 2009 წელს დაიდო. დოკუმენტი თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და მმართველობის საკითხებში გაძლიერებულ თანამშრომლობას გულისხმობს.