03 დეკემბერი 2024,   02:39
ვრცლად
დამსხვრეული ფანჯრები, საღებავები შენობაზე და წარწერები კედლებზე, დაზიანებული გარე ინვენტარი და სათვალთვალო კამერები - თბილისში მიმდინარე აქციის ქრონოლოგია

მიტინგი დედაქალაქის მთავარ გამზირზე ტრადიციულად, საღამოს 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები ისევ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.

პროტესტის პარალელურად, გარკვეულმა ჯგუფებმა პარლამენტისა და სამართალდამცველების მიმართულებით პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს. ფაქტს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ადგილზე გამოეხმაურა და პროტესტის მონაწილეებს სიმშვიდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მოწოდების მიუხედავად, აქტივისტების ნაწილმა ისევ ჩაამსხვრია პარლამენტის ფანჯრები. ისროდნენ პიროტექნიკას, ბოთლებს, ქვებსა და სხვადასხვა საგანს საკანონმდებლო ორგანოს შენობისა და სამართალდამცველების მიმართულებით.

რამდენიმე საათის განმავლობაში, ვითარება პერიოდულად ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც იძაბებოდა. მოვლენების განვითარების პარალელურად, განცხადება გაკეთდა შსს-შიც. მინისტრის მოადგილემ მოქალაქეებს ტერიტორიიდან ბავშვების გაყვანისკენ მოუწოდა.

თავდაპირველად, წყლის ჭავლის მანქანა ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებიდან დაიძრა, რის შემდეგაც სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან წამოვიდა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა. მომიტინგეთა წინააღმდეგ სამართალდამცველები წყლის ჭავლსა და ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებდნენ. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს პიროტექნიკას უპირისპირებდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ.

საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ მოქალაქეები, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმაც. უწყების ინფორმაციით, დაშავებულების ნაწილს მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნებათ.

აქციაზე დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელიც, მათ შორის, "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის წევრები. ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი, რომელსაც დაზიანება ფეხის არეში აქვს. სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ჩვენს ოპერატორ გიორგი ნერგაძესაც.

ღამის დაახლოებით 12:00 საათისთვის, აქციის მონაწილეებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც ბარიკადები აღმართეს, ხეები მოჭრეს და ცეცხლი წაუკიდეს. რუსთაველის გამზირზე დაიძრა სპეცრაზმიც, რომელმაც ტერიტორია ბარიკადებისგან გაათავისუფლა. დემონსტრანტებმა რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლეს. ადგილზე იყო ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი.

ოპოზიციისა და მომიტინგეთა ნაწილმა, რუსთაველის მეტროდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა. დილით სწორედ იქ დააკავა პოლიციამ ზურა ჯაფარიძე. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, აქტივისტებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ნაგვის ურნებით გზა გადაკეტეს. დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. ჯაფარიძის გარდა, ამავე ტერიტორიაზე აქციის კიდევ რამდენიმე წევრიც დააკავეს.

დამსხვრეული ფანჯრები, საღებავები შენობაზე და წარწერები კედლებზე, დაზიანებული გარე ინვენტარი და სათვალთვალო კამერები - ასეთია პროტესტის მეოთხე ღამის შედეგი. საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც პარლამენტის შენობის ფასადი და მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს.

დღის ამბები