21 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაში ხმა არ წყდება - თავდასხმის მთავარი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა

უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაში ხმა არ წყდება. ოკუპანტი, ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებზე დრონებით და მართვადი რაკეტებით იერიშებს განაგრძობს. თავდასხმის მთავარი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.

კრივი რიჰში, რუსეთის ძალებმა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მართვადი ბომბი ესროლეს. არის მსხვერპლი, მათ შორის სამი ბავშვია. არიან დაშავებულებიც

უკრაინელი სამხედროები საპასუხო იერიშებს რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებენ. დრონებით იერიშების შემდეგ, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ბელგოროდში. რუსული მედია წერს, რომ აფეთქებულია საწვავის რეზერვუარები. ადგილზე ათობით სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს, კურსკის ოლქში მიმდინარე უკრაინული სამხედრო ოპერაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა კაია კალასიც. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში მომავალმა უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროპა უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერს, რამდენიც საჭირო გახდება.

ამავდროულად, მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. "როიტერი" უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ომში შემდეგი ოთხი-ხუთი თვე, გადამწყვეტი იქნება, გაზაფხულისთვის კი მხარეებს საკუთარი პოზიციები სავარაუდოდ შეთანხმებული უნდა ჰქონდეთ.

ფრონტის ხაზზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილი კურახოვეს საბრძოლო მიმართულებაა. უკრაინელ სამხედროებს და ოკუპანტს შორის შეტაკებები ოცდაოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობს. უკრაინის არმიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონფლიქტის ზონაში დაზიანებულია კურახოვეს კაშხალის დამბა. მედია ირწმუნება, რომ ოკუპანტის მიზანს რეგიონში უკრაინული საჯარისო ნაწილების მომარაგების გარეშე დატოვება წარმოადგენს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

 

 

დღის ამბები