21 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
აფხაზები რუსეთის საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ - 20 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ე.წ. ოპოზიციონერები გაათავისუფლეს 

თითქმის 20-საათიანი პატიმრობის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის 5 ლიდერი თავისუფალია. დე-ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ომარ სმირის, გარი კოკაიას, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუასა და ასლან გვარამიას მხარდამჭერებმა ბლოკირებული ხიდების გახსნაზე უარი თქვეს,.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ პირობა შეასრულა და მათი ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გუმისთის, ქვემო გუმისთისა და კოდორის ხიდები გახსნა.

მანამდე კი იყო სოხუმის 19-საათიანი პარალიზება და დაპირისპირება კოდორის ხიდზე. ე.წ. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ დე ფაქტო სამართალდამცველები ხიდიდან აქციის მონაწილეების მდინარე კოდორში გადაგდებას და მათ დაკავებას ცდილობდნენ, რასაც მათ შორის არაერთი დაპირისპირება მოჰყვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი გუშინ საღამოს ე.წ. ოპოზიციის ლიდერების დაკავებას მოყვა. ისინი გუდაუთაში გამართული იმ შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე ანუ საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ და რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოების პრივილეგია მიანიჭა. დე-ფაქტო გენერალური პროკურორი ამტკიცებდა, რომ დაკავების მიზეზი ამ სხდომის დასრულების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ერთ-ერთ ე.წ. დეპუტატზე განხორციელებული შეურაცხყოფა გახდა.

დაკავებულები ე.წ. უშიშროების სამსახურში გადაიყვანეს. სწორედ ამ დროს დაიწყეს მათმა მხარდამჭერებმა შეკრება. იყო შენობის შტურმით აღებისა და ავტომობილით კარის შენგრევის მცდელობაც. მოგვიანებით აქციამ სოხუმის თავისუფლების მოედანზეც გადაინაცვლა.

კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე, სოხუმში სამხედრო ტექნიკა ღამითვე გამოჩნდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა კი ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. ასლან ბჟანია ამტკიცებდა, რომ სიტუაცია მათი კონტროლის ქვეშ იყო.

ე.წ. ოპოზიციასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი რუსეთთან შეთანხმების გაფორმება გახდა, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების შეღავათებით განხორციელების საშუალებას აძლევს, რასაც ადგილობრივი კომპანიები მოკლებული არიან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროტესტი არ დასრულებულა. მათ უკვე დააანონსეს ფართომასშტაბიანი აქცია 15 ნოემბერს. სწორედ ამ დღეს აქვს დაგეგმილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება.

დღის ამბები