21 ნოემბერი 2024,   16:07
ვრცლად
35 ოპოზიციონერი დეპუტატი საარჩევნო სიებს ისევ აუქმებს - რა იურიდიული ძალა აქვს ნაადრევად ხელმოწერილ ფურცლებს

განაცხადი, როგორც ლიდერმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა, თუმცა ტელეკამერების წინ ხელი მას "კოალიცია ცვლილებებისთვის" 82-მა წარმომადგენელმა ინდივიდუალურად მოაწერა - მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში 19 მანდატი მიიღეს. 4 ნომრის საარჩევნო სიის ყველა წევრმა ამ ფორმით ცესკოს რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

დემონსტრაციულად ერთმანეთის მიყოლებით მოაწერეს ხელი მანდატებზე უარს "ერთობა - ნაციონალურ მოძრაობაშიც," სადაც ბრიფინგი პარალელურ რეჟიმში გაიმართა.

ოპოზიციის მიმართვის ადრესატი ცესკოა, თუმცა მანდატების გაუქმება პარლამენტის პრეროგატივაა. სწორედ ის წყვეტს დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს. საარჩევნო ადმინისტრაცია პარტიების ბრიფინგებს მალევე გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები შეახსენეს.

2 ოპოზიციური კოალიციის განაცხადს არ შეუერთდა მესამე - "ძლიერი საქართველო," სადაც ბრიფინგების ჩანიშვნამდე სამივე გაერთიანება კონსულტაციებს ერთმანეთთან მართავდა. მოგვიანებით, კოლეგების დღევანდელ პრესკონფერენციებს ამ ძველი ვიდეოთი გამოეხმაურნენ "ლელოში. "პარტიის გენერალურმა მდივანმა სოციალურ ქსელში დაწერა რომ - "პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა. 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება. პ.ს. სხვათა შორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ," - წერს ირაკლი კუპრაძე Facebook-პოსტში.

ოპოზიციას კანონმდებლობა შეახსენა და გაემიჯნა კიდევ ერთი ბარიერგადალახულ სუბიექტი - გახარიას პარტია. ექსპრემიერის გუნდში პარტიების საგანგებო ბრიფინგებს პოპულისტური უწოდეს.

ოპოზიციონერ კოლეგებს დღის ბოლოს სტატუსით უპასუხა ნიკა გვარამიამ.

საპროტესტო მუხტის აწევის მცდელობას ხედავს კონკრეტული ოპოზიციური ძალების განცხადებებში მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ მანდატი დეპუტატის უფლებამოსილების ოფიციალურად ცნობამდე ვერ გაუქმდება. მათი ოპონენტების მოთხოვნას კი სამართლებრივი შედეგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოჰყვეს, რაც 11-ე მოწვევის პარლამენტს ისინი ინდივიდუალური განცხადებებით მიმართავენ.

არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების ბოლოო ვადა ცესკოს 21 ნოემბერს ეწურება, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება 10-დღიანი ვადის ათვლა პარლამენტის პირველი სხდომისთვის, სადაც სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის დასწრება საკმარისია ყველა წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის, მათ შორის მათიც, ვინც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარტიებს სწორედ პირველი სხდომის შემდეგ შეუძლიათ იმ წევრების სია ჩახსნან, რომლებიც პარლამენტარები არ არიან.

 

დღის ამბები