21 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
მიხაილ როთი ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ - გერმანელმა პოლიტიკოსმა, სავიზო რეჟიმის შემოღება ევროკავშირის მხრიდან მთავარ ბერკეტად დაასახელა

მიხაილ როთმა ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში, სავიზო რეჟიმის შემოღება ევროკავშირის მხრიდან მთავარ ბერკეტად დაასახელა.

გერმანელი პოლიტიკოსი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლა ოპოზიციის აქციიდან დააანონსა, ფიქრობს, რომ ეს "ოცნების" ხელისუფლებისთვის ძლიერი დარტყმა იქნება. როთს ინიციატივას ქართველი ხალხის დასჯის ღია მოთხოვნად აღიქვამს მმართველი გუნდი. ბუნდესტაგის დეპუტატს დღეს "ქართული ოცნებიდან" უვიზო რეჟიმის გაუქმების კრიტერიუმებიც შეახსენეს.

მიხაილ როთის მოსაზრებას, ლოგიკურად მიიჩნევს ოპოზიციის დიდი ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, პოლიტიკური მიზნით საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება დასაშვებია.

პოლიტიკოსებს, როთის იდეის მხარდასაჭერად, დღეს რუსეთისა და ბელარუსის მაგალითები მოჰყავდათ. თუმცა არცერთ მათგანს არ აუხსნია რა საერთოა ევროკავშირის კანდიდატ საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ევროგაერთიანებასთღან უვიზო მიმოსვლა არასდროს ჰქონიათ.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან, მიხაილ როთის მოსაზრებას დღეს მხოლოდ გახარიას პარტიაში დაუპირისპირდნენ. ექსპრემიერის გუნდში ხელისუფლებასთან ბრძოლის იარაღად მხოლოდ პერსონალურ სანქციებს მიიჩნევენ.

ოპოზიციისა და გერმანელი პოლიტიკოსის იდენტურ ხედვებს - ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მაგალითს უწოდებენ მმართველ პარტიაში. ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება, კონკრეტულ 4 კრიტერიუმს ეფუძვნება. საქართველო კი ოთხივე კომპონენტს სრულად აკმაყოფილებს. "ოცნებაში", როთის ქმედებებს ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობად აფასებენ. განმარტავენ იმასაც, რომ ამ ფორმით ოპოზიციის საგარეო ლობისტები ჩამქრალი საპროტესტო მუხტის გაღვივებას უშედეგოდ ცდილობენ.

რამდენიმე ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი, გუშინ ოპოზიციის მიტინგზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. კოლეგებთან ერთად იყო მიხაილ როთიც. ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და შეკრებილებს ბრძოლისკენ მოუწოდა.

დღის ამბები