21 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
კლიმატის ცვლილების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები - პრემიერ-მინისტრი ლიდერთა სამიტზე მსოფლიოს იმ ნაბიჯებს აცნობს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აქვს გამყარებული

კლიმატის ცვლილების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები - ამ საკითხებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრის დროს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს საკანონმდებლო რეფორმებს და ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში. პრემიერის თქმით, ხელისუფლება ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობს და ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 27 პროცენტზე მეტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიისა და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელების პროექტის მნიშვნელობაზე.

გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია, ბაქოში ოფიციალურად დღეს გაიხსნა. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ. სამიტის გახსნის შემდეგ, დისკუსიების დაწყებამდე, სახელმწიფოების პირველ პირებს ერთმანეთთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდათ. პრემიერ მინისტრი ამ ფორმატში, არაერთ ლიდერს შეხვდა. კონფერენციას ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და შესაძლებლობას იძლევა პარტნიორებთან ერთად განხილული იყოს კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევები და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზები.

კონფერენცია ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარული, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა. ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას 40 ქვეყნის პრეზიდენტი და 30 მეტი სახელმწიფოს პრემიერ მინისტრი ესწრება.


სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები. სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ლევან დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაზე, რომელიც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში შეთანხმება-თანამშრომლობას გულისხმობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბაქოში მიმდინარე სამიტი კიდევ ერთი საშუალებაა სახელმწიფოს პირველმა პირებმა სხვა სახელმწიფოებთან მჭიდრო კომუნიკაციით კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე რისკების მოგვარებაზე იმუშაონ.

აზერბაიჯანის დედაქალაქში შეკრებილი სახელმწიფოების ლიდერები ხვალინდელი სამიტისთვის ემზადებიან.სამიტზე სიტყვით გამოვა ირაკლი კობახიძე. პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია ბაქოში მეორე დღეა იმყოფება. ერთ-ერთი პირველი, ვისაც მასპინძელი ქვეყნის ლიდერი შეხვდა, სწორედ ირაკლი კობახიძეა. მთავრობის მეთაურმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრა გუშინ გამართა.

დღის ამბები