21 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"ფაქტობრივად, რა მოწოდებებსაც აკეთებდნენ გუშინ ეს ადამიანები, ორი ნაბიჯია დარჩენილი სამხედრო ესკალაციამდე" - ლევან მახაშვილი დელეგაციაზე

"ქართული ოცნების" წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, 8 ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდნენ, უხეშად ჩაერივნენ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.

როგორც მახარაშვილმა გადაცემა "დღის კურიერში", განაცხადა, დემონსტრაციაზე პირდაპირი თუ შეფარული მოწოდებები გაჟღერდა რევოლუციური სცენარის განვითარებაზე, რაზეც მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ აქტიურად საუბრობდა.

"ეს დელეგაცია არა თუ ევროკავშირის სახელით არ იყვნენ ჩამოსულნი, როგორც თვითონ დაირქვეს, არამედ საკუთარ პარლამენტს თუ წარმოადგენენ ოფიციალურად ესეც საკითხავია. ნებისმიერ ადამიანს, თავისი პირადი პოლიტიკური სურვილით, რა თქმა უნდა, აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, რაც უნდა გააკეთონ კანონის ფარგლებში, მაგრამ როდესაც ხარ პოლიტიკოსი, როდესაც გაქვს ხალხის მანდატი და ხარ ხალხის წარმომადგენელი, ასეთ შემთხვევაში, ორმაგად ფრთხილად უნდა იყო, რომ შემთხვევით არ აღმოჩნდე სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული.

სინამდვილეში, ასეთი ელემენტარული საერთაშორისო ურთიერთობების ანი-ბანის შეხსენება გვიწევს ამ ადამიანებთან საუბრისას. აქ საუბარია საკანონმდებლო ჩარჩოზე, გარკვეულ წესებზე, რის ფარგლებში ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფო, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ამ წესების დარღვევაზეა საუბარი, თორემ აქ ვინ მტერია, ვინ მოყვარე ამაზე არ არის საუბარი.

ეს იყო ძალიან მკაფიო ჩარევა. დელეგაციის ძალია ბევრი წევრი, წინასაარჩევნოდ კამპანიაში ისე აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომ მგონი ქართველ ოპოზიციონერებზე მეტად აქტიურობდნენ. როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ისევ ის წინასაარჩევნო გარემოა და ასე უხეშად აგრძელებენ უნივერსალური ნორმის დარღვევას.

საზოგადოებამ იცის, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები როგორ მკვახედ და აგრესიულად პასუხობენ საგარეო ჩარევის მცდელობებს. რაც შეიძლება ამერიკაში, პოლონეთში, შვედეთში, ან ფინეთში იყოს ცუდი ის საქართველოში კარი ვერ იქნება. საგარეო ჩარევა არის ცუდი.

გარდა ამისა, ვნახეთ გუშინდელი მათი განცხადებები პრეზიდენტის სასახლეში, შემდეგ დემონსტრაციაზე. ძალიან მკაფიოდ მოისმინა მათი მოწოდებები საზოგადოებამ, არა მხოლოდ ის, რომ ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე მონაწილეობენ, რაც თავის თავად აბსურდულია, თავისთავად სურეალისტური სიუჟეტია. გარდა ამისა, მოვისმინეთ პირდაპირი თუ შეფარული მოწოდებები რევოლუციაზე, კრიზისში შესვლაზე, ძალადობაზე, უკრაინის მაიდანთან პარალელების გავლებაზე და ა.შ. სწორედ ამას ვეუბნებოდით მოსახლეობას, რომ სწორედ ეს არჩევანი იდგა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ომსა და მშვიდობას შორის. ფაქტობრივად, რა მოწოდებებსაც აკეთებდნენ გუშინ ეს ადამიანები, ორი ნაბიჯია დარჩენილი სამხედრო ესკალაციამდე", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები