21 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იწყება - აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მთავარი დაპირებები

შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს გაცილებით არეული და სახიფათო მსოფლიო ხვდება, ვიდრე მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში იყო. ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპის მთავარი გამოწვევები იქნება ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. ასევე, საერთო ენის თავიდან გამონახვა ამერიკის მოკავშირეებთან ატლანტიკის მეორე მხარეს, სადაც დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს მიყენებულ ჭრილობებს დღემდე იშუშებენ. ევროპაში ესმით, რომ ტრამპის წინასაარჩევნო აპოკალიფტური რიტორიკა რეალობისგან განსხვავებული იქნება, თუმცა იმასაც აცნობიერებენ, რომ პარტნიორების ურთიერთობებში გაურკვევლობის წლები იწყება. ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე იგრძნობა, რომ უკრაინას ბურუსით მოცული დღეები ელოდება, ერთმანეთთან მწვავე საუბრები კი - ბრიუსელსა და ვაშინგტონს.

ტრამპს არასოდეს უთქვამს, რომ ომში უკრაინის გამარჯვება სურს. არც ის დაუდასტურებია, რომ კიევის დახმარებას გააგრძელებს ისე, როგორც ამას ბაიდენის ადმინისტრაცია აკეთებდა. არჩეული პრეზიდენტი ამ შეკითხვებზე პასუხს გაურბის და ამბობს, რომ ომი, ნგრევა და ადამიანების სიკვდილი უნდა დამთავრდეს. ის ასევე განმარტავს, რომ მორიგების ნებისმიერი გეგმა, მათ შორის ყველაზე უარესი, დღევანდელ ვითარებას ჯობია. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ტრამპი ამბობდა, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა და გამარჯვების შემთხვევაში, დაწყებული ომის 24 საათში დასრულების პირობა დადო.

ჯერჯერობით ეს არის უკრაინაში ომის 24 საათში დასრულების ერთადერთი რეცეპტი, რომელიც დონალდ ტრამპმა საზოგადოებას აქამდე შესთავაზა. არაოფიციალურად, გეგმის სხვადასხვა ვარიაციაზეა საუბარი, მათ შორის სულ მცირე 20 წლით ნატოზე უარის თქმაზე, მშვიდობის სანაცვლოდ და დემილიტარიზებული ზონების შექმნაზე. სპეციალისტების ნაწილი ელოდება, რომ თავსატეხს ნათელი 20 იანვარის შემდეგ მოეფინება. ნაწილი კი 24 საათში ომის დამთავრებას უტოპიურ იდეად მიიჩნევს. მათ შორის არის ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი.

ომში მყოფი უკრაინის მილიარდობით დოლარის დახმარებას დონალდ ტრამპი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ამერიკის კონგრესში მისი მომხრეების მიერ ბოლო დახმარების თვეობით შეფერხებამ, უკრაინა რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ტრამპი კი სთავაზობდა ადმინისტრაციას, დახმარება კიევისთვის სესხის სახით მიეცათ. ისევე, როგორც ტაივანს სთავაზობს ფულის გადახდას, მისი უსაფრთხოების სანაცვლოდ. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო მარათონის დროს გამოჩნდა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება საეჭვო ხდებოდა. ასევე გამოჩნდა ადრეული ნიშნები, უკრაინის თემაზე, ევროპასთან მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ.

დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპელებისთის მოულოდნელი არ ყოფილა და არც ისეთი შოკი ჰქონდათ, როგორც 2016 წელს. არჩევნების დასრულებისთანავე ევროპიდან გზავნილებმა არ დააყოვნეს.

გაცილებით კატეგორიული იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელმაც მკაფიოდ მიანიშნა ამერიკის მომავალ ადმინისტრაციას, რომ ევროპელების გაგებით, მშვიდობა და უკრაინის დახმარება სინონიმებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპა საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებზე იწყებს საუბარს. ასეთი იდეები დროდადრო ჩნდებოდა ხოლმე და ამერიკულ წრეებში ყოველთვის უკმაყოფილება ხვდებოდა. საქმე ის არის, რომ ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს უსაფრთხოებას ნატო უზრუნველყოფს და ნატოს ნებისმიერი ალტერნატივა პოტენციურად დაასუსტებს ალიანსს. ნატო ძლიერია მაშინ, როდესაც მოკავშირეები ერთ ენაზე საუბრობენ. თუ ომის სწრაფად დასრულებაზე ახალი ადმინისტრაციის სცენარი, უკრაინის დახმარების შეწყვეტა და ნებისმიერ გეგმაზე დასათანხმებლად კიევის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენება გახდება, თუნდაც ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების სანაცვლოდ, ამ გამბიტს კიევი არ დათანხმდება. უკრაინამ განუცხადა მომავალ ადმინისტრაციას, რომ რუსეთისთვის რამის დათმობა მათ გეგმებში არ შედის.

ვიდრე უკრაინის დახმარების თემა ჰაერშია გამოკიდებული, ბაიდენის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, თეთრი სახლის დატოვებამდე კიევის სამხედრო მარაგები შეავსოს. თეთრი სახლი ახლა 9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებაზე მუშაობს, რომელმაც უკრაინას დამატებითი შეიარაღება უნდა მიაწოდოს. მათ შორის, ჰაიმარსის რაკეტები.

ვიდრე ამერიკის პარტნიორები ევროპის დედაქალაქებში მეტ სიცხადეს ელოდებიან, შედარებით ადვილად პროგნოზირებადია მომავალი ადმინისტრაციის პოზიცია, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. ჰამასი-ისრაელის ომის დასასრულებლად მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი ზეწოლა ირანზე, ისრაელის მიმართ კრიტიკის შეწყვეტა, მისი პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება, რათა თელ-ავივმა, დაგეგმილი სამხედრო ოპერაციები ბოლომდე მიიყვანოს. ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს თქვა ტრამპმა უარი ირანის ბირთვული შეთანხმების გაგრძელებაზე, დაუწესა თეირანს ახალი სანქციები, აღიარა ოკუპირებული გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად და ამერიკის საელჩო იერუსალიმში გადაიტანა. ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაცია თვალს დახუჭავს მომავალში პალესტინის ტერიტორიებზე ახალ შესაძლო ჩასახლებებსა და ანექსიაზე, რაც 2 სახელმწიფოს იდეას საბოლოოდ დაასამარებს.

ტრამპის გამარჯვებას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრი, ითანარ ბენ გვირი "ტვიტერით" გამოეხმაურა. "Yesss!" - ეს იყო მის მიერ ნათქვამი ერთადერთი სიტყვა და ამ ერთ სიტყვაში ჩატეული მოკავშირეების პოლიტიკა შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

დღის ამბები