03 დეკემბერი 2024,   22:39
ვრცლად
გვარამია ამტკიცებს, რომ თავისივე დაფუძნებული არხის ერთ-ერთ დირექტორს არ იცნობს - ქურდაძე, გვარამიასა და “მთავარის“ მოქმედ დირექტორებს დიდი ოდენობით ნაღდი ფულის, ტელევიზიის გავლით გადარიცხვებში ადანაშაულებს

ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ თავისივე დაფუძნებული არხის ერთ-ერთ დირექტორს არ იცნობს და მას არასდროს შეხვედრია. პარალელურად, ის გიორგი ქურდაძის ყველა ბრალდებას უარყოფს. ქურდაძე, გვარამიასა და “მთავარის“ მოქმედ დირექტორებს დიდი ოდენობით ნაღდი ფულის, ტელევიზიის გავლით გადარიცხვებში ადანაშაულებს. ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილი დოკუმენტებით, რომელიც “კურიერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ირკვევა, რომ 2019-24 წლებში, “მთავარი არხის“ ანგარიშზე 8 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული კობა ნაყოფიამ “ნიუ სეილსის“ გავლით შეიტანა. თანხებიდან ორი მილიონი დოლარი საზღვარგარეთ, დანარჩენი თანხა კი საქართველოში გაურკვეველ ანგარიშებზე გადაირიცხა. მოქმედ დირექტორს - ნიკა გვარამიას მსგავსად, “მთავარი არხი“ და მისი ექსკლუზიური პარტნიორი “ნიუ სეილსიც“ ემიჯნებიან.

გიორგი ქურდაძის ინფორმაციით კი, კობა ნაყოფიას მხრიდან წამოსული მილიონობით დოლარი, “მთავარ არხში“ უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას ხელით შედიოდა, 2022 წლიდან, კი მას შემდეგ რაც “მთავარ არხს“ ინკასო დაედო, თანხები ტელევიზიის ანგარიშზე უკვე “ნიუ სეილსის“ გავლით ნაღდი ფულის სახით ხვდებოდა. ამ სქემასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება დღეს კობა ნაყოფიას პარტიაში არ ისურვეს. “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანიის გავლით მილიონობით ლარის გატარებაზე კითხვას, პასუხი თავად ნიკა გვარამიამ უნდა გასცეს.

გიორგი ქურდაძის ბრალდებებმა, მმართველ გუნდს “რუსთავი 2-ის“ საქმეც გაახსენა. უმრავლესობის წევრები საბოლოო დასკვნების გამოსატანად, გამოძიების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

გიორგი ქურდაძე, ტელევიზიაში ზაზა ოქუაშვილის ინტერესებს წარმოადგენს და არხის მოქმედი დირექტორია, ტელეკომპანიის ბაზა და ტექნიკური აღჭურვილობა გვარამიას წლების წინ, სწორედ ოქუაშვილმა დაუთმო.

დღის ამბები