04 დეკემბერი 2024,   13:03
ვრცლად
ქაქუთელი "რეიკი" - იდუმალმა და უჩინარმა არსებამ ქობულეთის სოფელში ადგილობრივებს მოსვენება დაუკარგა

უკვე ერთ თვეზე მეტია, სოფელ ქაქუთის მოსახლეობა ამოუცნობ არსებას ეძებს. ქაქუთელი "რეიკი" - ასე მოიხსენიებენ ადგილობრივები ადამიანს, რომელიც ღამღამობით მათ სახლებს სტუმრობს, კარზე აკაკუნებს და შემდეგ ძალიან დიდი სისწრაფით ტოვებს ტერიტორიას. მაღალი, შუახნის ასაკის და მთლიანად შავებში ჩაცმული მამაკაცი - ასე აღწერენ ქაქუთელები პირს, რომელმაც მთელ სოფელს მოსვენება დაუკარგა.

დარეჯან შავიშვილი ერთ-ერთია, რომელსაც ღამით დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია. ქალი ჰყვება, რომ უკვე დაძინებას აპირებდა, როდესაც ფანჯარაში უცნაური ნათება შენიშნა. რესპონდენტი ამბობს, რომ დაუდგენელი პირი არაადამიანურ ხმებს გამოსცემს და ეს სოფლის მოსახლეობაში შიშს კიდევ უფრო ამძაფრებს.

"მთლიანად შავებში იყო ჩაცმული, ძაღლი გამოეკიდა და უცებ გაქრა," - ამბობს ადგილობრივი.

უჩინარი ადამიანი ხშირად სტუმრობს მახარაძეების ოჯახსაც. "კურიერი P.S.-ს" ადგილზე უყვებიან, რომ ამოუცნობი პირი იმდენად სწრაფად გადაადგილდება, რომ მის დაჭერას ვერავინ ახერხებს. არავინ იცის, სად ცხოვრობს და როგორ ახერხებს წამებში ერთი სახლიდან მეორეში გადასვლას. მით უმეტეს, რომ სოფელში მოსახლეობა ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი მანძილის დაშორებით ცხოვრობს. ქაქუთში ჰყვებიან, რომ ქალები და ბავშვები სახლში მარტო დარჩენას ერიდებიან.

უჩინარი არსების დაჭერის ბოლო მცდელობა ქაქუთელებს გუშინ ჰქონდათ. ეს მაშინ, როცა ერთ-ერთ სახლში, აბაზანის ფანჯარას ქვა ესროლა. უცნობს 20-მდე ადგილობრივი დაედევნა, თუმცა ის ტყეში გაუჩინარდა. სოფლის მოსახლეობა, უკვე რამდენიმე დღეა, ღამის ფანრებით, მთელ პერიმეტრზე ცდილობს უცნაური სტუმრის პოვნას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ, მათთან ერთად, საძიებო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული პოლიციაც. ჰყვებიან, რომ სამართალდამცველები სოფელში ღამითაც მორიგეობენ, ამიტომ თავს მაინც უსაფრთხოდ გრძნობენ. მეზობლები განიხილავენ სხვადასხვა ვერსიას, მაგრამ უჩვეულო მოვლენის ამოხსნას ჯერ ვერავინ ახერხებს.

ვიდრე მთელი სოფელი არკვევს, ვინ სტუმრობს მათ სახლებს ღამღამობით, ქაქუთელები ცხოვრებას მაინც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. დაუპატიჟებელი სტუმარი მათ ყოველდღიურობად იქცა, ამბავი კი სოფელს, შიშთან ერთად, უკვე იუმორის ხასიათზეც აყენებს.

 

 

დღის ამბები