5-რაუნდიანი ბრძოლა და აბსოლუტური უპირატესობა - UFC-ის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, გამარჯვების შემდეგ, პრესკონფერენციაზე პირველ ემოციებზე ისაუბრა. მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის იბრძვის და ქართველი გულშემატკივრების გახარებით ბედნიერია.
"პირველი ემოცია არაჩვეულებრივი იყო, ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი. როდესაც დენა უაითმა წელზე ქამარი შემომარტყა, ჩავიმუხლე. შემდეგ, როდესაც ავდექი, მისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, თუმცა მივხვდი, რომ ის უკვე წასული იყო. ახლა უკვე დავმშვიდდი და ყველაფერი გავაცნობიერე. დიდებული შეგრძნებაა. მე უკვე ოთხი ყოფილი ჩემპიონი მყავს დამარცხებული და ქამარი მაქვს.
რაც შეეხება ბრძოლას, მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი. შემდეგ შევაფასე მისი ძალა და სტილი. ის შეტევებს არ იწყებდა, მე მელოდებოდა, რომ დავეჭირე, მაგრამ ამაზე არ წამოვეგე. მთლიანობაში ვერაფრით ვერ გამაკვირვა, მე ის წარმოვაჩინე, როგორც ჩვეულებრივი, საშუალო დონის მებრძოლი. მადლობა ჩემს მხარდამჭერებს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით - საქართველოში. მე ქართველი ვარ და ჩემმა ქვეყანამ მომცა ყველაფერი - ძალა, ცოდნა. ამიტომაც მე ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მისთვის სიკვდილისთვისაც მზად ვარ. ჩვენ ყოველთვის ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. ჩვენი საზოგადოება, ამ მხრივ, გამორჩეულია. ისინი ჩემ გამო ძალიან გახარებულები არიან და მე ამით ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ჩემს ხალხს სიამაყის საფუძველი მივეცი. ეს მხოლოდ დასაწყისია, მე უფრო და უფრო უკეთესი გავხდები და მეტს გავაკეთებ.
საქართველო მიყვარხართ, მალე შევხვდებით. ჩვენ ეს შევძელით, ყველაფერი წინ არის, გენაცვალეთ. მადლობა ყველას," - აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო, ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სამშობლოს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა. 33 წლის დვალიშვილმა, ურთულეს მეტოქესთან ბრძოლაში თითქმის ყველა რაუნდში, სრული უპირატესობა მოიპოვა. სრული კონტროლი მიწაზე და ზუსტი დარტყმები - ამ ტაქტიკით გახდა მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი. ქართველი მებრძოლისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.