ბორჯომი, ბათუმი და ახლა უკვე თბილისი - კლასიკური მუსიკის დღესასწაული დედაქალაქში გაგრძელდება. "ღამის სერენადები" დამფუძნებლის - ლიანა ისაკაძის გარდაცვალების შემდეგ წელს პირველად ტარდება. ქართველი და უცხოელი შემსრულებლები და 4 საკონცერტო თარიღი - რიგით მე-16 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნით საღამოებს კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.
ეროვნულ სიმფონიური ორკესტრი, მოწვეული დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და ვირტუოზი პიანისტი სანდრო ნებიერიძე გენერალურ რეპეტიციას გადიან. მუსიკოსები რიგით მე-16 "ღამის სერენადების" თბილისური კონცერტების სერიისთვის ემზადებიან.
პიანისტი სანდრო ნებიერიძე, წლებია, ფესტივალთან თანამშრომლობს. რამდენჯერმე, მუსიკოსის შემოქმედების პრემიერა სწორედ "ღამის სერენადების" ფარგლებში შედგა. ტრადიცია გრძელდება. ბათუმის შემდეგ თბილისია, პიანისტი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო თხზულებას, ორკესტრთან და იტალიელ დირიჟორთან ერთად, პირველი ერთობლივი კონცერტის ფარგლებში შეასრულებს.
ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები და 4 საკონცერტო თარიღი - კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის დღესასწაული იწყება. კონცერტების გარდა, დაგეგმილია მასტერკლასები, ვორქშოპები და გამოფენები.
"ღამის სერენადები" ლიანა ისაკაძემ 1982 წელს აფხაზეთში დააარსა. 1991 წელს, პოლიტიკური მოვლენების გამო, ფესტივალმა არსებობა დროებით შეწყვიტა, 2002 წელს კი, "ხელოვნების ზეიმის" სახელით აღდგა და მალევე, ბათუმს დაუბრუნდა.
წლების განმავლობაში, ფესტივალი გაფართოვდა და სამი ქალაქი: ბორჯომი, ბათუმი და თბილისი მოიცვა.
წელს "ღამის სერენადებს" დამფუძნებლის, მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.
მუსიკალური ფესტივალი 20 სექტემბერს, გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.