04 დეკემბერი 2024,   12:57
ვრცლად
რატომ ვერ გაერთიანდა ოპოზიცია წინასაარჩევნოდ - საკითხზე, თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერში" ისაუბრა

რატომ ვერ გაერთიანდა ოპოზიცია წინასაარჩევნოდ - "ღამის კურიერის" კითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ უპასუხა. მისი თქმით, მისი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ხედვა მაქსიმალური კონსოლიდაციის იდეას ეფუძნებოდა და სწორად მიაჩნდა ერთიანი საარჩევნო სიის შემუშავებაც, თუმცა, სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღეს.

"სრულიად ლეგიტიმური კითხვაა, რომელიც, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდეს და სიმართლე გითხრათ, ჩემი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ამოცანა იყო მაქსიმალური კონსოლიდაცია ოპოზიციურ ფრონტზე რეფერენდუმად ქცეული არჩევნების წინ. ვსაუბრობდით ერთიან სიაზეც რაც, ჩემი აზრით, იქნებოდა ძალიან სწორი მიდგომა იმ სიცხადისთვის, რომელიც ჩვენ ამომრჩეველს აუცილებლად უნდა შევთავაზოთ, რადგან არჩევანი ნამდვილად ორობითია - ეს არის ან კეთილდღეობა ევროპაში, ან სიღატაკე იზოლაციაში და ამ სიცხადისთვის, აუცილებელი იყო მაქსიმალური კონსოლიდაცია.

მაგრამ, ეს ვერ შედგა - ვერ შედგა მათ შორის, იმგვარი კონსოლიდაცია, რომელიც ამ ერთგვარ მრავალფეროვნებას შეცვლიდა უფრო მეტი მკაფიოობით და სიცხადით, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. თუმცა, ბუნებრივია, ეს არის თითოეული პარტიის ადა პოლიტიკური ლიდერის პრეროგატივა, ჩვენ გადაწყვეტილებებს სხვის ნაცვლად ვერ მივიღებთ," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავამ ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობისა" და მისგან გამოყოფილი პარტია "ახალის" განსხვავებებზეც და აღნიშნა, რომ ეს განსხვავებები გულისხმობს განსხვავებულ ხედვებს ერთიანობასთან და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიდგომა იყო ერთიანობისკენ მიმართული, მაშინ, როდესაც სხვებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ფორმაციით იყო უმჯობესი არჩევნებში შესვლა. განსხვავება, მათ შორის, მდგომარეობს იმ არჩევანში, რომელსაც ინდივიდუალური პარტიები გააკეთებენ შესაძლო პრემიერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ აქ სხვა პოლიტიკური შეთანხმება არ შედგება , რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომელიც შემოდის პრეზიდენტი ზურაბიშვილის ქარტიის სახით," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები