04 დეკემბერი 2024,   13:07
ვრცლად
რა საკითხები განიხილეს ტრამპმა და ჰარისმა დებატებისას - აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები პირისპირ პირველად შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საარჩევნო მარათონია, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების რეიტინგები ყოველდღიურად იცვლება,
რაც აშშ-ის 47 პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის.

შეხვედრა ხელის ჩამორთმევით დაიწყო, რაც კამალა ჰარისის მიერ იყო ინიციირებული. ეს იყო პირველი და უკანასკნელი წამი, როდესაც ოპონენტებმა ერთმანეთს თვალი გაუსწორეს. ხელის ჩამორთმევის შემდეგ, ასეთი რამ აღარ განმეორებულა. კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის პირველივე შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის გადამწყვეტ დებატებზე შედგა და 90 წუთი გაგრძელდა. ყველაფერი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ოპონირებით დაიწყო.

თქმით მართლაც ბევრი ითქვა, ბევრიც - არ თქმულა. მაგალითად, ნანობს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი 6 იანვრის კაპიტოლიუმის მოვლენებიდან რამეს, პირდაპირი პასუხი ამჯერადაც არ ყოფილა. აშშ-ში კრიმინალის ზრდაზე საუბრისას, დემოკრატმა ოპონენტმა ტრამპს პირადი სასამართლო საქმეები შეახსენა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ეს ცრუ ბრალდებებია.

ტრამპმა დემოკრატების ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გასაკრიტიკებლად არგუმენტად ის მოიყვანა, რომ მიგრანტები აშშ-ში შინაურ ცხოველებს ჭამენ; აბორტების მიმართ დემოკრატების ლიბერალური მიდგომის გასაკრიტიკებლად კი თქვა, რომ ზოგ შტატში აბორტი მშობიარობის შემდეგაც დასაშვებია.

ეს განცხადებები ABC-ის მოდერატორებმა გადაამოწმეს და თქვეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაზე ნათლად განსხვავებები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებზე საუბრისას გამოჩნდა. დაისვა კითხვა, არის თუ არა უკრაინის გამარჯვება აშშ-ის ინტერესში.

განსხვავებით ბაიდენი-ტრამპის დამანგრეველი დებატებისგან, ამჯერად, დემოკრატებმა აშკარა უპირატესობა მოიპოვეს და მეტი დამაჯერებლობა აჩვენეს - ეს ციფრებშიც გამოჩნდა. CNN-ზე დაყრდნობით, ჰარისის სასარგებლოდ ხმები 63/37-ზე გადანაწილდა, რაც მნიშვნელოვანი გარღვევაა, რადგან ორი ოპონენტი თითქმის მხარდამხარ მიიწევენ კენჭისყრის დღისკენ. გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკელი პოპ ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის ღიად დაფიქსირებული პოზიცია ჰარისის სასარგებლოდ. ესეც რომ არა, დემოკრატები კმაყოფილები არიან.

გადამწყვეტ არჩევნებამდე 2 თვე დარჩა - იგი 5 ნოემბერსაა ჩანიშნული. ჯერ უცნობია იქნება თუ არა მანამდე კიდევ ერთი დებატი კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის, რომელთაგანაც ერთ-ერთი აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი გახდება.

დღის ამბები