04 დეკემბერი 2024,   13:04
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალი სახეების ბულინგი - რა ეპითეტები ისმის წარმატებული ქართველი სპორტსმენების მისამართით

ოლიმპიადის დასრულებიდან ერთ თვეში, ჩემპიონების მიმართ ოპოზიციის შეცვლილი დამოკიდებულება მმართველ გუნდში არ გაჰკვირვებიათ. ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულში ორი ოლიმპიური ჩემპიონის დაასახელებს შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტებისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან დაწყებულ კამპანიას - პრემიერ-მინისტრი ლიბერალური ფაშიზმის მორიგ, ნათელ, გამოვლინებას უწოდებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციასა და მესამე სექტორს დემოკრატიულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვთ, რასაც სიძულვილისა და ზიზღის კამპანიის წარმოებით ყოველდღიურად ამტკიცებენ.

ოლიმპიელების სიყვარულიდან სიძულვილის კამპანიამდე მისასვლელად - ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ერთი თვე და "ოცნების" განახლებული საარჩევნო სია დასჭირდათ. მოღალატე, სამარცხვინო - ეს იმ ეპითეტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც გუშინ სოციალურ პლატფორმებზე სამოქალაქო სექტორის წევრების მხრიდან ხშირად ისმოდა.

ენჯეოებს, სოციალურ ქსელში არც ოპოზიციის წარმომადგენლები ჩამორჩნენ. პოლიტიკურ შეტევას და სიძულვილის ენის გამოყენებას, დღეს თავად მმართველი პარტიის ახალმა სახეებმა უპასუხეს. ოპონენტებისგან განსხვავებით, მათი ტონი აგრესიული არ ყოფილა. თქვეს მხოლოდ ის, რომ მსგავსი დამოკიდებულება და მიდგომები ჰუმანურ ჩარჩოებს სცდება. პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ზიზღის კამპანია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ.

ოლიმპიელების მიმართ რიტორიკა, ხელისუფლების ოპონენტებს არც დღეს შეუცვლიათ. პოლიტიკოსები, რომელთა ნაწილიც ყოფილ სახელისუფლებო გუნდში არაერთ სპორტსმენთან ერთად მუშაობდა, ახლა ფიქრობენ, რომ ოლიმპიურ ჩემპიონებს პარლამენტში ყოფნისთვის კომპეტენცია და ცოდნა არ გააჩნიათ. ოპოზიციისთვის მიუღებელი არც ე.წ. ბულინგის კამპანია აღმოჩნდა.

კრიტიკას და ახალი სახეების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებას ოპონენტების გარდაუვალ მარცხს უკავშირებენ სახელისუფლებო პარტიაში. პოლიტიკოსების თქმით, სოციალურ ქსელებში წარმოებულმა ნეგატიურმა კამპანიამ აჩვენა, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი არჩევანის თავისუფლებას პატივს არ სცემს, რაც ყველა დემოკრატიულ სტანდარტს ეწინააღმდეგება. მმართველი გუნდის ლიდერებმა, მათი ახალი თანაგუნდელების მიმართ გამოვლენილი აგრესია დღეს ოპონენტების უცხოელ ლობისტებთან არსებულ ანგარიშვალდებულებებსაც დაუკავშირეს.

”ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია გუშინ გამართა. სიის სათავეში მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. მმართველი პარტიის განახლებულ გუნდში ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილიც არიან.

დღის ამბები