04 დეკემბერი 2024,   13:03
ვრცლად
ლაგოდეხი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი - რეგიონების მასშტაბით თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა

რეგიონების მასშტაბით თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურა, ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსება - ყველა ის ეტაპი, რომელიც ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს უნდა გაიაროს იმიტირებულ პროცესში იყრის თავს.

იმიტირებული არჩევნები ჩატარდა ზუგდიდსა და ოზურგეთშიც. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ცესკოს წარმომადგენლებმა ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნეს და მათთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს. ოზურგეთში იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, ამომრჩევლები პირადად გაეცნენ ქუთაისში. მოქალაქეებმა არჩევნების პროცესის ყველა პროცედურა გაიარეს და განმარტეს, რომ ახალი სისტემა არჩევნებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიაში ჩართულია გორიც. საარჩევნო ოლქში იმიტირებული პროცესი დილიდან მიმდინარეობს ლაგოდეხშიც.

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი. იმიტირებული პროცესი ქვეყნის მასშტაბით 598 უბანზე გაიმართა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 45 დღეა დარჩენილი. არჩევნებში მონაწილეობას წელს პირველად, ელექტრონულის სისტემის გამოყენებით, ამომრჩეველთა თითქმის 90% მიიღებს.

დღის ამბები