04 დეკემბერი 2024,   13:02
ვრცლად
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ​ქოლცენტრების საქმეში - "ქართულ ოცნებას" ეჭვი აქვს, რომ კეზერაშვილს კონკრეტულ ევროპელ ჩინოვნიკებთან ფარული გარიგება აქვს დადებული

სახელისუფლებო გუნდი თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე საუბრობს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. მმართველ პარტიას აინტერესებს, რატომ აფარებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კეზერაშვილს ხელს მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ ევროპელი პენსიონერებისგან მოტყუებით მიღებული დიდი რაოდენობის თანხა, სწორედ მის ანგარიშებზე ირიცხებოდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სწორედ კეზერაშვილის კრიმინალური საქმიანობით მოპოვებული ე.წ. შავი ფულით ფინანსდება დღეს საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ნაწილი.

საერთაშორისო გამოძიების დასკვნის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" ქოლცენტრების საქმესთან კეზერაშვილის კავშირს უარყოფს. ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრებმა ამის ერთ-ერთ არგუმენტად, დღეს ჰელსინკის კომისიის განცხადება მოიყვანეს. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილისთვის კი, ახლა კეზერაშვილზე საუბარი არასერიოზულია.

"ქართულ ოცნებას" კითხვები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან აქვს. რატომ არ რეაგირებს ევროპა საკუთარი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე - კითხვის პასუხად, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით მოპოვებული ე.წ. შავი ფულით საქართველოში რადიკალიზმი ფინანსდება.

ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის სახელი და გვარი, პირველად BBC-ის სკანდალურ საგამოძიებო ფილმში გაჟღერდა, რომელშიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს ქოლცენტრების ქსელის ჩრდილოვან მმართველსა და მისტერ ოფშორს უწოდებენ. ტრანსნაციონალურ დანაშაულს საქართველოს საგამოძიებო უწყებასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც იძიებენ.

2021 წლიდან პროკურატურამ, საქმეზე, საქართველოში რამდენიმე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც, საგამოძიებო უწყებამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 89 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. საქმეზე, რამდენიმე დღის წინ, მორიგი სპეცოპერაციაც ჩატარდა. დაკავებულია 4 პირი, რომელთაგან ერთი დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ის უკანონო ფულს პირადად ექს-მინისტრის ანგარიშებზე რიცხავდა.

დღის ამბები