21 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
მიმინოს დაჭერა და მისი გაწვრთნა - ბაზიერობა უძველესი ტრადიციაა, რომელიც საქართველოში საუკუნეების წინ დაიწყო

არავინ იცის, რამდენ საუკუნეს ითვლის მტაცებელი ფრინველით ნადირობის ტრადიცია. ბაზიერობა უძველესი ქვეყნების ხელოვნებად და მეცნიერებად იუნესკომაც აღიარა. ამ საქმიანობას საქართველოშიც დღემდე მისდევენ.

ბაზიერობაში ყველაფერს თავისი სეზონი აქვს. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც მონადირეები თავად მტაცებელ ფრინველებს იჭერენ. ზაფხულის ბოლო და შემოდგომის დასაწყისი მიგრაციის დროა. დავით ბერიძეც, რომელიც ძველი თაობის ბაზიერია, საათობით აკვირდება გადამფრენ მტაცებლებს და, ხშირად, დღეში რამდენიმეს იჭერს და უშვებს.

არსებობს გარკვეული სტანდარტიც, რომლის მიხედვითაც ბაზიერი ფრინველს იტოვებს ან უშვებს.

მიმინოზე ნადირობისთვის მთავარი იარაღი პატარა ჩიტია, რომელსაც ღაჟოს უწოდებენ. სწორედ მის მოძრაობებს ამჩნევს მტაცებელი საკმაოდ დიდი მანძილიდან.

მიმინო კილომეტრიდანაც კარგად ამჩნევს მოხტუნავე ჩიტს, თუმცა ვერ ხედავს ბადეს, რომელიც ღაჟოს წინაა გაშლილი. თავდაპირველად, მტაცებელი ირაოს აკეთებს, შემდეგ კი იწყებს პიკირებას საკმაოდ დიდი სისწრაფით. ასეთ დროს ბაზიერი სამალავში უნდა დაიმალოს. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, მიმინო ბადისკენ არ წავიდეს.

ბაზიერების თქმით, მთაში დაჭერილი მიმინო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე - ბარში.

მიმინოზე ნადირობა საათობით გრძელდება, ისევე, როგორც მათი მიჩვევის პირველი ღამე. საღამოს აჭარელი ბაზიერები თავის მტაცებლებთან ერთად იკრიბებიან.

მოტეხვა - ასე ეწოდება პირველ გათენებულ ღამეს ფრინველთან ერთად. აქ მოწმდება, თუ რამდენად დაექვემდებარება შემდგომ წვრთნას მიმინო.

მოტეხვის პროცესში, მიმინო ეჩვევა ადამიანის სახეს, ხმას, მასთან სიახლოვეს.

აი, ასე ინახავენ ძველ ტრადიციას ბაზიერები. თავის ფრინველებს, ნადირობის სეზონის დამთავრების შემდეგ, კვლავ ველურ ბუნებაში აბრუნებენ - ზუსტად იმ ადგილას, სადაც დაიჭირეს.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები