მეცნიერებმა ახალი პრეპარატის შექმნა შეძლეს, რომელსაც შეუძლია, გარკვეული დროის განმავლობაში, თაგვის კანი გამჭვირვალე გახადოს. პრეპარატს საკვები საღებავის შემცველობა აქვს და მისი გამოყენებით, მედიკოსებს თაგვების ორგანოების მუშაობაზე დაკვირვება შეუძლიათ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მეცნიერების განმარტებით, თუ პრეპარატის ადამიანებზე გამოცდა წარმატებით ჩაივლის, ამ აღმოჩენას სამედიცინო სფეროში რევოლუციის მოხდენა შეუძლია და ფართო გამოყენება ექნება.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა თაგვების თავის ქალა და მუცელი გამჭვირვალე გახადეს. ამისთვის მათ წყალი და ყვითელი საკვები საღებავი, სახელწოდებით ტარტრაზინი, გამოიყენეს. ხსნარის ცხოველების სხეულზე დატანამდე, მათ სხეულზე ბეწვი მოაცილეს. კვლევის ფარგლებში, ხსნარს ცხოველებისთვის ზიანი არ მიუყენებია.
"მათთვის, ვისაც, ამ ყველაფრის მიღმა, ფუნდამენტური ფიზიკა ესმის, ეს ყველაფერი გასაგებია; მაგრამ თუ მას არ იცნობთ, ეს ჯადოსნური ხრიკივითაა", - თქვა კვლევის პირველმა ავტორმა ზიჰაო ოუმ.