04 დეკემბერი 2024,   13:09
ვრცლად
ქოლცენტრების ტრანსნაციონალური ქსელი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ანგარიშებზე გადარიცხული დიდი ოდენობით თანხა - "კურიერმა" მოიპოვა მტკიცებულება, სადაც გადარიცხვებია ასახული

სპეცოპერაცია თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩატარდა. გამოძიების მიერ აღმოჩენილია თაღლითური ქოლცენტრი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ყალბი საინვესტიციო შეთავაზებებით, დიდი ოდენობით თანხას სძალავდა. ადგილზე "კურიერს" უყვებიან, რომ ათობით ახალგაზრდა აქ კონსპირაციულად მუშაობდა და კარს თითქმის არავის უღებდა. სამართალდამცველებს, შენობაში შესასვლელად, ძალის გამოყენებაც კი დასჭირდათ. გამოძიებამ ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, დოკუმენტაცია და ფული.

დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა შენობის მეპატრონისთვის, რომელმაც, დაახლოებით ერთი თვის წინ, ფართი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიაქირავა. მფლობელი "კურიერს" უყვება, რომ ქოლცენტრის არსებობის შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი.

ტრანსნაციონალური დანაშაულის დეტალები დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოში დაფუძნებული კომპანიის "მორგან ლიმიტედის" ბაზაზე, დააფუძნა ქოლცენტრების ქსელი. ჯგუფი თაღლითურად დაეუფლა გერმანიის, სლოვენიისა და სლოვაკეთის მოქალაქეების, ძირითადად, პენსიონერების კუთვნილ მილიონობით თანხას. ერთ-ერთი მსხვილი თაღლითური ქსელი, “მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე, თბილისში, 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა, კიდევ ერთი ქოლცენტრი კი სამართალდამცველებმა გუშინ, პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დახურეს. ბრალდებულის სახით, დაკავებულია ოთხი პირი.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავი, თემურ ჯანაშვილია. გამოძიების მასალების მიხედვით, სწორედ ის კურირებდა თბილისში მოქმედ ერთ-ერთ ქოლცენტრს, თაღლითური გზით გამომუშავებულ დიდი ოდენობით თანხას კი პირადად რიცხავდა დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე. "კურიერმა" მოიპოვა მტკიცებულება, სადაც გადარიცხვებია ასახული. ფინანსურ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, თუ სად და ვის ანგარიშებზე ირიცხებოდა ქოლცენტრებით მიღებული ფული.

"კურიერი" დღეს ბრალდებულის - თემურ ჯანაშვილის საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა, თუმცა ადგილზე კამერების წინ გამოჩენა არ ისურვეს. კომენტარზე უარი გვითხრა ადვოკატმაც. დაკავებულების ინტერესების დამცველები, ამ ეტაპზე, საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, ნაწილი კი ამბობს, რომ ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა, ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დავით კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვა. "კურიერის" ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, გერმანიის მოთხოვნით, სომხეთში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბიძაშვილი, მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბინიაშვილი. საქმე, ამჯერადაც, ევროპელი პენსიონერებისგან, თაღლითური გზით, დიდი ოდენობით თანხების გამოძალვას ეხება. თავად დავით კეზერაშვილი "ბიბისის" საგამოძიებო ფილმში ქოლცენტრების ქსელის ჩრდილოვან მმართველად და არის მოხსენიებული.

დღის ამბები