17-წლიანი პატიმრობა და მილიონ-ნახევარ დოლარამდე ჯარიმა - ეს ის უმაღლესი სასჯელია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილს, ჰანტერ ბაიდენს, შესაძლოა, სასამართლომ დააკისროს. ნაფიცი მსაჯულების შერჩევის დაწყებამდე, ჰანტერ ბაიდენმა, ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში, გადასახადებისგან თავის არიდების საქმეში ბრალი მოულოდნელად აღიარა.
როგორც დასავლური პრესა წერს, აღიარებით, ჰანტერ ბაიდენმა საჯარო სასამართლო პროცესს თავი აარიდა, თუმცა, პოტენციურად, გრძელვადიან პატიმრობას დათანხმდა. საუბარია სისხლის სამართლის სამ დანაშაულზე, მათ შორის, სასამართლო გადასახადებისგან თავის არიდებასა და ყალბი საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაზე. პრეზიდენტი ბაიდენი მედიასთან შვილის სასამართლო საქმეზე კომენტარს არ აკეთებს, არჩევნებამდე კი 2 თვეზე ნაკლები რჩება.
მასალების თანახმად, ჰანტერ ბაიდენმა, ოთხი წლის განმავლობაში, არ გადაიხადა მილიონ-ნახევრამდე დოლარის გადასახადი, რომლებიც მან უცხოური კომპანიებისგან, შემოსავლებიდან მიიღო. გასულ თვეში, ჰანტერის "გადასახადების საქმეში" ახალი ეპიზოდი გამოჩნდა, რომლის თანახმადაც, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, რუმინელმა ოლიგარქმა, გაბრიელ პოპოვიჩიუმ ჰანტერ ბაიდენი აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე გავლენის მოხდენის მიზნით დაიქირავა.
2 თვის წინ, ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნეს იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. ჰანტერმა, 2018 წელს, "კოლტის" ტიპის რევოლვერის ყიდვისას, ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა.
ჰანტერ ბაიდენის საქმეზე განაჩენი 16 დეკემბერს გამოცხადდება.