04 დეკემბერი 2024,   13:02
ვრცლად
რეგიონში ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტის პირველი გამოშვება - 30 ახალგაზრდას დიპლომები გადაეცა

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. 30 ახალგაზრდას დიპლომები უკვე გადაეცა. ამბობენ, რომ უნივერსიტეტში მაღალი ხარისხის განათლება მიიღეს და, ცოდნასთან ერთად, გამოცდილება სხვადასხვა სფეროში დააგროვეს.

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ, გამოსაშვებ ცერემონიაზე, ქუთაისის განსაკუთრებულ აკადემიურ ტრადიციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება სწორედ ამ ტრადიციების მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. პრემიერმა აქცენტი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე გააკეთა და განათლების სისტემაში სიახლეებიც დააანონსა.

განათლების ხელმისაწვდომობის პროცესში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე ისაუბრა განათლების მინისტრმა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სწავლის დასრულება მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ამ დროისთვის, 1 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. საგანმანათლებლო სივრცეებთან ერთად, უნივერსიტეტის ბაზაზე, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, ამ დროისთვის, საქველმოქმედო ფონდი "ქართუ", უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიების დაწყებამდე, პრემიერმა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აშენებული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური კორპუსი დაათვალიერა.

27 ათასი კვადრატული ფართობის მქონე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო კორპუსში, საერთაშორისო სტანდარტების სალექციო სივრცეები, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები და სამკითხველო დარბაზებია განთავსებული.

 

 

დღის ამბები