24 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით 4 სარჩელის განხილვას იწყებს - რას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრო სექტორი

საკონსტიტუციო სასამართლო გამჭვირვალობის კანონზე შეტანილი რამდენიმე სარჩელის განხილვას იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციების, პრეზიდენტის, ოპოზიციისა და მედიის ნაწილის სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყება.

ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტირების მცდელობა - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი, ქვეყანაში მეორე ფრონტის მსურველთა შემაკავებელი ბერკეტიცაა. შესაბამისად, მისი გაუქმების მოთხოვნით ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს.

საკონსტიტუციო სარჩელის წარმატებაში დარწმუნებული არ არის ოპოზიციის ნაწილი. ამბობენ, რომ ჩანიშნული სასამართლო განხილვა, მათთვის მხოლოდ პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია. კანონის გაუქმებას კი, მათი თქმით, არჩევნების შემდეგ შეძლებენ.

ოპონენტების განცხადებები მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მესამე სექტორი, პრეზიდენტი, ოპოზიცია და მედიის ნაწილი, "ნაციონალური მოძრაობის" იდეური დანამატები არიან. მათი თქმით, "გამჭვირვალობის კანონმა" ამ ფაქტის ლუსტრაცია ამჯერადაც მოახერხა.

სახელისუფლებო გუნდის კრიტიკა მიუღებელია იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის, რომლებმაც სარჩელის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს. ამბობენ, რომ მაისში მიღებული კანონი ქვეყნის დასავლურ ვექტორთან წინააღმდეგობაში მოდის.

საუბარი "გამჭვირვალობის კანონის" ანტიდასავლურობაზე პოლიტიკური სპეკულაციაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ მაისში მიღებული კანონი კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაშია. რაც შეეხება საგარეო ვექტორს - კანონმდებლების თქმით, შეუძლებელია ანტიდასავლური იყოს ის, რაც თავად დასავლურ ქვეყნებში დაკანონებულია.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ შეტანილ რამდენიმე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო ერთად განიხილავს. ოპოზიცია კანონის გაუქმებას ყოველგვარი დათქმის გარეშე ითხოვს.

დღის ამბები