დამოუკიდებლობის დღეს ლიბანი აფეთქებების ფონზე შეხვდა. ისრაელი "ჰეზბოლაზე" ნადირობას განაგრძობს და ცენტრალური ბეირუთს უტევს. სამიზნე ამჯერად დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, მუჰამედ ჰაიდი იყო. მისი ბედი უცნობია, ლიბანის დედაქალაქში ნასროლ 4 ბომბს და საჰაერო იერიშს კი 11 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად, 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ბასტას უბანში რვასართულიან საცხოვრებელ შენობას ხუთი რაკეტა მოხვდა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო-სამუშაოები.
საპასუხოდ, "ჰეზბოლა" ისრაელს კვლავ დრონებითა და რაკეტებით უტევს. ბოლო 1 დღეში თელ-ავივს 45 ასეთი დარტყმის მოგერიება მოუხდა. უკანასკნელ ესკალაციამდე "ჰეზბოლა" და ისრაელი საზღვართან პერმანენტული ცეცხლის გაცვლის რეჟიმში იმყოფებოდნენ. ბოლო რამდენიმე თვეში, ლიბანზე ისრაელის თავდასხმებს 3 645 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილთა რაოდენობა კი 15 000-ს რამდენიმე ასეულით აჭარბებს. ლიბანსა და ღაზაში არსებულ მაღალ მსხვერპლს, ისრაელი იმით ხსნის, რომ ტერორისტული დაჯგუფებები ფარად სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იყენებენ. ეს მიზეზი დამაკმაყოფილებელი არაა გაეროსთვის, რომელიც რეგიონში სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს.
ჰააგის სასამართლომ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, ისრაელის პრემიერსა და უკვე ყოფილ თავდაცვის მინისტრზე დაკავების ორდერი უკვე გამოწერა. ისრაელი და მისი მოკავშირეები აპროტესტებენ იმას, რომ ისრაელის ხელისუფლება და "ჰამასის" ტერორისტები სამართლებრივმა უწყებამ ერთ სიბრტყეში დააყენა. ქვეყნების ნაწილი ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობს, ასეთია მაგალითად აშშ თუ უნგრეთი. თუმცა, არიან ქვეყნები, რომლებიც ჰააგის მიმართ ერთგულებას ადასტურებენ და საკუთარ ქვეყანაში ჩასულ ნეთანიაჰუსა თუ გალანტს დაკავებას უპირებენ - ასეთებია თავად ნიდერლანდები, სლოვენია და იტალია. ბერლინი ჯერ საკითხს სწავლობს.
ისრაელი სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს ღაზაშიც. დღეს აფეთქება ისმოდა ერთ-ერთი მეჩეთის მახლობლად არსებულ ნუზეირათის დევნილთა ბანაკთან. არიან დაშავებულებიც. ამას წინ უძღოდა აფეთქება ხან-იუნისში, რასაც 9 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები.
ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ, ქვეყანამ "ჰამასს” ომი გამოუცხადა, ამ 13 თვის განმავლობაში კი ორგანიზაცია ყველა კომპონენტში დაასუსტა. თუმცა, გაცილებით მეტია ჰუმანიტარული დანაკარგები - ღაზაში ოპერაციებს 44 000 ადამიანი ემსხვერპლა, ანკლავის ნახევარი კი გაიხიზნა.
ავტორი: მიხეილ ხეცოიძე