23 ნოემბერი 2024,   23:59
ვრცლად
დაძაბული ბრძოლა ხორვატიის წინააღმდეგ და ისტორიული გამარჯვება - საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ იასპარეზებს

ხარატიშვილის მოგერიებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები სრულიად დამსახურებულად გახდა სლოვაკეთში გასამართი ევრო პირველობის ფინალური ეტაპის მონაწილე. ზედიზედ მეორედ, ქართველი ფეხბურთელები კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის 2025 წლის ზაფხულში ითამაშებენ. თუკი აქამდე სვანაძის გუნდმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის სტატუსით ითამაშა, ამჯერად გუნდმა ყველა თამაშში იბრძოლა, არსად არავის არაფერი დაუთმო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სლოვაკეთის ტურნირის საგზური გაენაღდებინა.

აქამდე კი იყო ორი ურთულესი დაპირისპირება ხორვატთა წინააღმდეგ, რომელიც ტრადიციულად, გამორჩეულია ძლიერი ასაკობრივი ნაკრებებით და ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ხორვატი 21 წლამდელები ევრო პირველობის ხუთგზის მონაწილეები არიან. აქედან გუნდმა ზედიზედ სამჯერ ითამაშა ფინალური ეტაპი.

ამ ნაკრებთა თბილისური დაპირისპირება მასპინძლების მინიმალური სხვაობით 1-0 დასრულდა, რაც საპასუხო მატჩის წინ განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლეოდა, გამომდინარე იქიდან, რომ მასპინძელთა წნეხის ფონზე შესაძლებელი იყო ყველაფერი ჩვენთვის არასასურველი სცენარით წარმართულიყო. არადა, მიხეილ მესხზე ქართველებმა გოლის გატანის რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაუშვეს ხელიდან. ამასთან, 62-ე წუთიდან, სვანაძის ფეხბურთელები რიცხობრივ უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა ვერც ეს ფაქტორი გამოიყენეს სასიკეთოდ.

განსხვავებით თბილისური მატჩისგან, რიეკაში გასამართი საპასუხო დაპირისპირება რომ ყველანაირი თვალსაზრისით გაცილებით რთული იქნებოდა, ამას ყველა აცნობიერებდა, რადგან ხორვატიაში იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების უმთავრესი საბაზისოა, ნებისმიერი რანგის მეტოქისთვის უსიამოვნო გამოწვევა და გამოცდილებაა. თუმცა, 19 ნოემბერს გასამართი მატჩის წინ, ქართველებს ოპტიმიზმს ის გარემოება მატებდა, რომ სვანაძის განკარგულებაში დისკვალიფიკაცია მოხდილი ხვადაგიანიც იქნებოდა და ლომინაძეც.

თამაში კი მასპინძლებისთვის მისაღები სცენარით დაიწყო და 28-ე წუთამდე სწრაფი გოლის წყალობით, ტაბლოზე მათთვის სასურველი ანგარიშიც ფიქსირდებოდა. 28-ე წუთზე კი მოხდა ის, რაც ნებისმიერი რანგის ნაკრებთა დაპირისპირებას დაამშვენებდა - გაგნიძის ძლიერი, ზუსტი და გამოზომილი დარტყმით ქართველებმა წონასწორობა აღადგინეს.

ხორვატებთან საპასუხო შეხვედრაში მიზნის მისაღწევად, ქართველებისთვის ფრეც საკმარისი იქნებოდა, თუმცა მატჩის პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ სვანაძე, ისევე როგორც ყველა სხვა შეხვედრაში, მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე არ ითამაშებდა. მინდორზე მყოფი თერთმეტეულის გარდა, მის განკარგულებაში სათადარიგოთა სკამზეც საკმარისი რესურსი არსებობდა იმისთვის, რომ გუნდს დასახული მიზნისთვის მიეღწია. 56-ე წუთზე მოედანზე გაბრიელ სიგუა გამოჩნდა, რომელსაც ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა. მიუხედავად ამისა, ნდობა მთავარი მწვრთნელისგან არასოდეს დაუკარგავს და ესეც სვანაძის დადებით მხარეზე მეტყველებს.

19 ნოემბრის შეხვედრაში, კარგად გამოჩნდა ქართველი ფეხბურთელების მზადყოფნა ფსიქოლოგიური კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ორჯერ აგებდა, სვანაძის ფეხბურთელებს არც ნერვული ფონის ზრდა დასტყობიათ, არც არაორგანიზებულობა და არც დაბნეულობა, რასაც ორივე შემთხვევაში ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. გაგნიძის ულამაზეს გოლს ქართველი ფეხბურთელების მიერ არაერთხელ დამუშავებული სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ ლომინაძის ჩინებული გოლი მოჰყვა.

შეხვედრის არბიტრის მიერ კომპენსირებული დროის ამოწურვამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც ხორვატთა მორიგმა გოლმა ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანა. აზაროვის მიერ გაცუდებული სასტარტო პენალტის შემდეგ ნერვების ნამდვილი ომი დაიწყო, სადაც ქართველთა მხრიდან გადამწყვეტი ჯერ ხვადაგიანის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი აღმოჩნდა, შემდეგ კი ხარატიშვილის ბრწყინვალე, დამაჯერებელი ქმედება, რომელმაც ნაკრებს ფინალური ეტაპის საგზური მოუტანა.

ზღაპრის ბოლო კიდევ უფრო კეთილი იქნება თუ არა, ქართველებისთვის, ამას 11-28 ივნისის ჩათვლით გავიგებთ, როცა სვანაძის გაწვრთნილი გუნდი სლოვაკეთის 8 ქალაქში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ჩაერთვება. 3 დეკემბერს კი ცნობილი გახდება იმ გუნდების ვინაობა, ვისთანაც საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპიდან მეოთხედფინალში გასასვლელი საგზურისთვის ბრძოლა მოუწევს.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი.

დღის ამბები