24 ნოემბერი 2024,   23:11
ვრცლად
33 წელი უკრაინის დამოუკიდებლობის დღიდან და ბრძოლა თავისუფლებისთვის 33 წლის შემდეგაც - ქვეყანა მილოცვებთან ერთად, მოკავშირეებისგან დახმარების პირობებს იღებს

ვორონეჟის ოლქში დრონებით იერიშის შედეგად, იარაღის საცავში აფეთქება მოხდა. ადგილზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

მძიმე ვითარებაა ბელგოროდის ოლქშიც, სადაც რეგიონის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტში აფეთქება მოხდა. შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა.

ოკუპირებული ყირიმიდან რუსეთს ჯარი გაჰყავს. სამხედროების კოლონები ვორონეჟის გავლით კურსკის რეგიონისკენ გადაადგილდებიან, სადაც უკრაინელებმა ალყაში მოაქციეს მომარაგების გარეშე დარჩენილი 6 ათასიანი რუსული საჯარისო ნაწილები. რუსეთის თავდაცვის უწყებამ უკრაინის არმიას წვევამდელი ასაკის, საბრძოლო გამოცდილების არმქონე ახალგაზრდები დაუპირისპირა.

უკრაინა, რუსეთის რეგიონებზე შეტევას განაგრძობს. კურსკში ბრიანსკში, ბელგოროდში, კრასნოდარში და ვოლგოგრადში განადგურებულია ათეულობით სტრატეგიული ობიექტი.

რუსეთში მიმდინარე მოვლენებს დღეს უკრაინის პრეზიდენტი კიევის ცენტრიდან გამოეხმაურა. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ზელენსკიმ თქვა, რომ ოკუპანტი აგრესიისთვის საფასურს იხდის და ომს, ნგრევას, რომელიც უკრაინაში მოიტანა, ახლა საკუთარ ტერიტორიაზე გამოცდის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთისა და ლიეტუვის ლიდერებთან ერთად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ომში დაღუპულ გმირების ხსოვნას და პირველად გამოაცხადა, რომ დღეიდან უკრაინა მისივე წარმოების იარაღის, საბრძოლო რაკეტა- დრონის "პალენიცას" გამოყენებას იწყებს. ლიეტუვის პრემიერმა ინგრიდა შიმონიტემ კიევის ცენტრში შეკრებილებს უკრაინულად მიმართა.

ცნობილია, რომ რამდენიმე დღეში, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრები უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის საკითხს განიხილავენ.

დღის ამბები