ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი საგანგებო სიტუაციების დროს შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპებს შეიმუშავებს. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ქვეყანაში მთავრობისთვის რეკომენდაციებისა და დებულების პროექტის წარდგენაზე იმსჯელეს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სისტემის ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე.
"ეს არის კომპლექსური და მასშტაბური საკითხი და არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყანაში ე.წ. განგაშის სირენების დამონტაჟებით, ქვეყნის ამა თუ იმ კუთხეში.
ამას სჭირდება კომპლექსური, მასშტაბური მიდგომა საზოგადოების ჩართულობის გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხში ვიზიარებთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას", - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.