სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17-მა სამხედრომ შინდისში, აგვისტოს ომის დროს, ოკუპანტებს დიდი ზიანი მიაყენა. რუსეთის 53-ე არმიის ჯარისკაცებმა მას შემდეგ, რაც ქართველ გმირებს შეიარაღება ამოეწურათ, ჩასაფრება მოაწყვეს და მათი ალყაში მოქცევა მოახერხეს. სწორედ აქ დაიწერა 17 ქართველი სამხედროს გმირობის ისტორია. მტერს ტყვედ არცერთი არ ჩაბარდა. ალეკო ონიანმა თავისი დაჭრილი ნათლული გულში ჩაიხუტა, დარჩენილი ბოლო ხელყუმბარა ააფეთქა და რუსეთის საოკუპაციო ჯარს არ დანებდა. ტყვეობას ყველა მათგანმა სიკვდილი ამჯობინა.
ალეკო ონიანის ნათლული რომან ზოიძე ფრონტის ხაზზე ტრავმებით იყო დაბრუნებული. ამბობდა, რომ, სამშობლოს დასაცავად, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებდა. ასეც მოიქცა. ექიმების არაერთი რჩევის მიუხედავად, ის ბრძოლის ველზე დაბრუნდა, სადაც ისევ მტრისგან ნასროლი ტყვია მოხვდა. სიცოცხლის ბოლო წუთები, ისე, როგორც აგვისტოს ომის ყველა დღე, ნათლიასთან ერთად გაატარა და თავის მეგობრებთან, ბრძოლის ველზე, გმირულად დაიღუპა.
შინდისის გმირების თავგანწირვიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი დღეს, სამხედროების ოჯახებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური შინდისში სწორედ ბრძოლის ადგილას მივიდა, სადაც მემორიალი ყვავილებით შეამკო და გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. თავდაცვის მინისტრმა თქვა ისიც, რომ სწორედ ბრძოლის ადგილას, მალე, შინდისის გმირთა უკვდავსაყოფად, მუზეუმიც გაიხსნება.
ლეგენდად ქცეული ბრძოლა შინდისში, ზუსტად 16 წლის წინ მოხდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსეთის მოტომსროლელ ასეულთან. წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც გააჩნდათ. მტერმა მათი დამარცხება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქართველ გმირებს ტყვია-წამალი გაუთავდათ.