ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
მისივე ცნობით, გასული თვე ისტორიული მაქსიმუმი იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -ით მეტია. ხოლო ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც 2023 წლის მონაცემებს 48% - ით აჭარბებს. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო. რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციითვე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი ევროპული მიმართულებით ხდება ფრენების ოპერირება.
"ქუთაისში 30-მდე მიმართულება გვაქვს ევროპული, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის დივერსიფიკაციაზე და ზრდის ევროპელი ტურისტების წილს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა აქტივობის განხორციელებას კერძო სექტორთან ერთად, რაც უზრუნველვყოთ ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიების მდგრადობა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.