25 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის გერმანიაში სამუშაო ვიზიტი მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით - ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტი შეაფასა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინის აღდგენის კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა. კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველო მყარად და თანმიმდევრულად უდგას მხარში უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ჩვენი მონაწილეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მათ შორის კანცლერ შოლცთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, მიეღო მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს მხარდაჭერაზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მისამართით, იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ომის დაწყების შემდეგ გასწია და იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს საქართველო უკრაინის მხარდაჭერას მომავალში.

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, საზეიმო მიღებაზე მოკლე საუბარი ჰქონოდა გერმანიის პრეზიდენტთან. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ეს სამუშაო ვიზიტი გერმანიაში მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ბერლინში ვიზიტი დაასრულა. ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

დღის ამბები