25 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ ხალხსა და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე - პრემიერი

"სიამაყით უნდა ითქვას, რომ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წელს მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ომის თავიდან არიდება და 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი წესები, რომელზეც არის დაფუძნებული მთელი მსოფლიო და ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

"მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს თუ რა რეალობაში მივაღწიეთ აი ამ შედეგს. დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. ასი ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგად, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, 10 მილიონზე არის საუბარი, 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ერთი ამდენივე, 10 მილიონზე არის საუბარი, რომ შიდა მიგრაცია, გადაადგილება მოხდა.

ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენს უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელი, ძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან ჩვენ დავეხმარეთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო, მაგრამ, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი, ასე ვთქვათ წესები, რომელზეც არის დაფუძნებული ზოგადად მთელი მსოფლიო და ზოგადად, ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ ამის მცდელობას ვხედავთ. მცდელობას იმისა, რომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი.

არავინ არ იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონზე. როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი. გამოწვევა სახეზეა, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს. აგვისტოს ომი იყო რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე ეს არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა.

ახლა, რატომ ვამბობ ამას, მეგობრებო. ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა ჩვენ გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, მე არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში.

მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოებავ, მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ უნდა ითქვას სიამაყით, ჩვენ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს, არის ომი, ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ.

რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული, ბუნებრივია ეს რისკები არსად არ წასულა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციებს ვახორციელებთ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები